მაჭავარიანი თამარ პეტრეს ასული (1895–13. VIII. 1979, თბილისი), მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. საქართვ. საპატიო (1960) და დამს. (1962) ბიბლიოთეკარი. დაამთავრა ქალთა გიმნაზია (1915). 1915–30 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას გიმნაზიებსა და საშ. სკოლებში. არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრად. 1930–79 მოღვაწეობდა საქართვ. სახელმწ. საჯარო ბ-კაში (ახლანდ. საქართვ. პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნ. ბ-კა). 1934 დააარსა და ხელმძღვანელობდა აღნიშნული ბ-კის ქართველოლოგიის განყ-ბას. 1935-იდან ასწავლიდა საქ. სსრ მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე. მ. იყო „საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის შრომების" (1934) და „ბიბლიოგრაფიის მოამბის" (1940) ერთ-ერთი ფუძემდებელი.
მ-ს ეკუთვნის ბიბლიოგრ. ნაშრომები („სამნიშნა საავტორო ტაბულები", თანაავტ., 1936), „ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. 1852–1905", ტ. 1–3 (1940–44), „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. 1819–1905", ტ. 1–4 (1952–65), „ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფია" (1957), „ნიკო ნიკოლაძის არქივის კატალოგი", ტ. 1–2 (1954, 1965) და სხვ. მ-მა დაამუშავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის არქივი და ბ-კა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. ურუშაძე