მაჭანკალი

მაჭანკალი, მექორწინე მხარეთა საქმის მომგვარებელი, შუამავალი, რ-იც გასამრჯელოს მიღების პირობით დასაქორწინებელთა (უმთავრესად ვაჟის ოჯახის) დავალებებს ასრულებდა. ისტორიულად მაჭანკლობა განვითარდა შუაკაცთა ინ-ტიდან, რაც საქორწინო ურთიერთობებში არქაული დროიდან იყო ცნობილი. პროფესიონალი, ეკონომიკურად დაინტერესებული მ. საქართველოში კაპიტალ. ურთიერთობებთან ერთად გაჩნდა. ამ საქმეს ძირითადად მისდევდნენ ასაკოვანი პირები (უპირატესად ქალები), რ-ებიც უმთავრესად ქვრივებისა და მატერიალურად დაინტერესებულთა საქორწინო ურთიერთობებს არიგებდნენ. თავის საქმიანობაში მ. გასამრჯელოს – „სამაჭანკლოს“ – საჩუქრის ან ფულადი სახით იღებდა.

ლიტ.: ითონიშვილი ვ., საოჯახო ურთიერთობების ისტორიიდან მთიულეთში, თბ; 1961; მაჩაბელი ნ., ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, თბ; 1978.

ვ. ითონიშვილი