მაჭარა, ენეოლით-შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. მდებარეობს გულრიფშის მუნიციპ-ში, მდ. მაჭარის მარჯვ. ნაპირის ზღვისპირა დაბალ ტერასაზე, ზღვიდან 300–400 მ დაშორებით. ძეგლი მიკვლეულია 1936 გეოლოგ ე. შანცერისა და პალეონტოლოგ ვ. გრომოვის მიერ.
1964 აქ სამუშაოებს წარმართავდა აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტ. ინ-ტის არქეოლ. ექსპედიცია (რაზმის უფრ. ვ. ბჟანია), 1973-იდან კი – შავიზღვისპირეთის არქეოლ. ექსპედიცია (ხელმძღვ. ვ. ბჟანია). ნასახლარზე სტრატიგრაფიულად დადგინდა ოთხი ფენა, რ-თაგან სამი კულტურულ ნაშთებს შეიცავდა. ყველაზე ადრეული ფენა ენეოლითის ხანას განეკუთვნება, სადაც წარმოდგენილია მურა-მოწითალოდ ან მურა-ყავისფრად გამომწვარი მცენარისა და ჭილოფის ანაბეჭდიანი კერამიკა. შუა ბრინჯაოს ხანის III–II კულტურულ ფენაში (სიმძლავრე 3–35 სმ, 35–50 სმ) კერამიკა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. გავრცელებულია ქილების, ჯამების, ქოთნების ფორმის თიხის ჭურჭელი. III ფენაში იშვიათადაა სამყურა და მაღალფეხიანი სახილე ვაზების ფორმის ჭურჭელი. ორივე ფენაში დასტურდება ნაპრიალებ (ზოგჯერ ანგობირებული) კერამიკაზე დატანილი ზოლები, ზიგზაგები, სავარცხლის კბილისეული ჭდეები, თავთავისებური გეომ. ხაზები, წიწვოვანი და ზონარისებური ფორმის დეკორის კომბინირებული გადმოცემა. III–II ფენებში გვხვდება სატეხები, „სოჭი-ადლერისა` და „სოხუმის` ტიპის ქვის თოხები. სხვა მონაცემები შუა ბრინჯაოს ხანის ფენიდან არ მოგვეპოვება. IV ფენაში აღმოჩენილ ნაცროვან ორმოზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ აქ სარ-ლასტზე გამართული საცხოვრებელი სახლები, ანდა ნახევრადმიწურები უნდა ყოფილიყო. ვ. ბჟანიამ IV ფენა ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახ-ს მიაკუთვნა, მომდევნო III ფენა მიიჩნია ოჩამჩირის ნამოსახლარზე უფრო ახალგაზრდად და დაათარიღა ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულითა და ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისით, II ფენა კი მიაკუთვნა შუა ბრინჯაოს ხანას (მაჭარის IV ფენის ასაკი C-14 თარიღის გათვალისწინებით გადააქვთ IV ათასწლეულის I ნახ–ში: 3810+90 წ.). მასალები დაცული იყო სოხუმში აფხ. სახელმწ. მუზეუმის ფონდებში.
მ. 2-ის ნამოსახლარი (100 50 მ) გამართული იყო ზღვისპირა ტერასაზე, მდ. მაჭარის მარცხ. ნაპირზე, ზღვის სანაპიროდან 2 კმ დაშორებით. ნამოსახლარზე აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი კერამიკული მასალა, ასევე ბრინჯაოს ისრისპირი, ხელსაფქვავები, კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბის ფორმა და ა. შ. ნამოსახლარს ათარიღებენ ძვ. წ. IX–VI სს-ით.
ლიტ.: ფხაკაძე გ., ენეოლითი და ადრებრინჯაოს ხანა დასავლეთ საქართველოში, წგ.: საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992; ჯიბლაძე ლ., კოლხეთის დაბლობის ძვ. წ. III–II ათასწლეულების ნამოსახლარები, თბ., 2007; Бжания В., Мачарское поселение энеолита и бронзы в Абхазии, «Советская археология», 1966, №1; Воронов Ю., Археологическая карта Абхазии, Сух., 1969; Шамба Г., Раскопки древних памятников Абхазии, Сух., 1984.
ლ. ჯიბლაძე