მაჭარაძე ვალერიან გიორგის ძე

მაჭარაძე ვალერიან გიორგის ძე (10. I. 1921, სოფ. ვაზისუბანი,  ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 29. IX. 2000, თბილისი), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1946). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე.

1946–47 მუშაობდა დუშეთის რაიონის სოფ. გრემისხევის საშ. სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1952-იდან – თსუ-ში ყოფილ საბჭ. კავშ. ხალხთა ისტორიის კათედრაზე: 1952–57 იყო უფროსი მასწავლებელი, 1957–70 – დოცენტი, ხოლო 1970-იდან გარდაცვალებამდე – პროფესორი, 1955–56 – თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე, 1957–60 – უნ-ტის სწავლული მდივანი, 1974–77 – მოსამზადებელი განყ-ბის გამგე.

მ-ის სამეცნ-კვლ. საქმიანობის მთავარ მიმართულებას რუსეთ-საქართვ. ურთიერთობის ისტორიის შესწავლა წარმოადგენდა. მის სამეცნ. ინტერესებში ასევე შედიოდა საქართველო-ჩრდ. კავკასიის ხალხების ურთიერთობები, ქართულ-რუმინული კულტურულ-ლიტ. ურთიერთობების ისტორიის საკითხები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის ავტორი.

თხზ.: მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, II, თბ., 1968; ბესიკი დიპლომატიურ ასპარეზზე, თბ., 1968; მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, III, თბ., 1983; გეორგიევსკის ტრაქტატი, გამოკვლევა, დოკუმენტები, ფოტო პირები ვ. მაჭარაძისა. თბ., 1983.

ლიტ.: ი რ ე მ ა ძ ე ა., ნაომარი მეცნიერები, თბ., 1987.

ე. კოპალიანი