მაჭი, თოღა, თორღვა, თორღა, IX ს. ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში (ჰერეთი). აგებულია მდ. მაჭისწყლის (ახლანდ. მაწიმისწყალი, საქართვ. და აზერბაიჯანის სასაზღვრო მცირე მდინარე, ერთვის მდ. ალაზანს) და მისი მარჯვ. შენაკადის, მდ. თოღასხევის გამყოფ მთაზე. მ. იყო მაჭის საერისთავოს ცენტრი, შემდეგ კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია გახდა. ვახუშტის მიხედვით მ. იგივე თოღაა.
ციხის ტერიტორიის აღმ. და დას. კლდოვან, ფრიალო მხარეებს ღრმა უფსკრულები საზღვრავს, სამხრ-იდან და ჩრდ-იდან კი გამაგრებული იყო მაღალი გალავნით. შესასვლელიც ამ ორი მხრიდან ჰქონდა. ციხის შიდა ტერიტ. ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა (ჩრდ. ბევრად უფრო დიდია). აქ განლაგებულია სასახლე (ყველაზე მოზრდილი ნაგებობა მდებარეობს ფრიალო კლდის ნაპირას), რიყის ქვით ნაგები წმ. ნიკოლოზის დარბაზული ეკლესია (ააგეს კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ და მისმა მეუღლემ, თინათინმა; 2016 ჩაუტარდა რესტავრაცია), სწორკუთხა, კირის ხსნარით შელესილი, მიწაში ჩაფლული წყლის რეზერვუარები (ტევადობა დაახლ. 14000 ლ). სამხრ. ნაწილი შემოზღუდული იყო ქონგურებიანი, ორმაგი მაღალი კედლით, რ-შიც ჩართული იყო სწორკუთხა, მაღალი კონტრფორსებით გამაგრებული კოშკი (შემორჩენილია არასრული სიმაღლით). ჩრდ. მხარე გამაგრებული იყო კიდევ უფრო მასიური კედლით მასში ჩართული ექვსი გარეთკენ შვერილი, მაღალი, სწორკუთხა კოშკით და შუაში შესასვლელით. აღმ-ით, ფრიალო კლდეზე შემორჩენილია ყველაზე დიდი კოშკის ნანგრევები (სიგრძე – 7,5 მ, სიმაღლე – 8,9 მ). გალავნის კედლები ნაგებია რიყის, ნატეხი და კლდის შერჩეული ქვით.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1IV, თბ., 2021.