მაჭის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში. მდებარეობდა ჰერეთში. მოიცავდა ტერიტორიას მაჭისწყლიდან შაკიხის ჩათვლით და ალაზნიდან ხუნძახამდე. საერისთავოს ცენტრი იყო მაჭის ციხე. ვახუშტი მაჭის ერისთავს VIII ს. ბოლო ამბებთან დაკავშირებით ახსენებს, როდესაც ადარნასე ბრმის ძმისწულებმა ჰერეთი დაიპყრეს და შტორის, ხორნაბუჯის, ვეჯინისა და მაჭის ერისთავები „დასხეს“. მოიხსენიება XI ს. დასაწყისშიც, როდესაც კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–37) „დასხნა სამი ერისთავი კახეთს და ოთხი ჰერეთს“. მათგან ერთ-ერთი მაჭის ერისთავი იყო. 1040 ბაგრატ IV-მ მიქელ-გაბრიელის მთასთან დაამარცხა კახელები და ტყვედ ჩაიგდო პანკისის, ხორნაბუჯის ერისთავები, და შტორისა და მაჭის ერისთავის გოდერძის დისწული ჯედი (ვახუშტის მიხედვით მაჭის ერისთავს დაჯე ერქვა). მას შემდეგ რაც დავით IV აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი შემოიერთა (XII ს. დასაწყისი), წყაროებში უკვე გვხვდება მხოლოდ კახეთისა და ჰერეთის საერისთავოები. სავარაუდოდ, დავით IV-მ გააუქმა შედარებით მცირე ტერიტორიული ერთეულები და შექმნა ახალი – კახეთისა და ჰერეთის საერისთავოები.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003.
მ. ბახტაძე