მახათასებრნი (Gasterosteidae), თევზების ოჯახი (Gasterosteidae Bonaparte, 1831) მახათასნაირთა რიგისა (Gasterosteiformes). შეიცავს 5 გვარის 12 სახეობას. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდ. ამერიკის და ჩრდ. აფრიკის ზღვების მომლაშო და მტკნარ წყლებში.
საქართველოში გვხვდება სამნემსა მახათა (Gasterosteus aculeatus Linnaeus, 1758). მისი სიგრძეა 4–6 სმ, იშვიათად 8–9 სმ. მასა 4 გ-მდე. ცოცხლობს 3–4 წელი. ბინადრობს როგორც მარილიან, ისე მტკნარ წყლებში. ირჩევს მცენარეულობით მდიდარ ბიოტოპებს. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. სქესობრივად მწიფდება 14–18 თვის შემდეგ, როდესაც სიგრძე აღწევს 4–6 სმ. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. მამალი აგებს ბუდეს, სადაც დედალი ყრის ქვირითს. მამალი დარაჯობს განაყოფიერებულ ქვირითს ლიფსიტების გამოჩეკვამდე. ნაყოფიერება 60–400-მდე ქვირითია.
მტაცებელი თევზია. იკვებება კიბოსნაირებით, ჭიებით, წვრილი თევზებითა და ქვირითით, ჭამს საკუთარ ქვირითსაც. შავი ზღვის სანაპიროსთან გვხვდება ყველგან, საიდანაც შედის მდინარეების (ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური) შესართავებსა და ტბებში (პალიასტომი, კახაბერი, ნურიე-გელი); ასევე გავრცელებულია აზოვის ზღვის სანაპიროებზე, მდინარეებში (დნესტრი, ბუგი, დნეპრი, პრუტი, ყუბანი) და დუნაის დელტასთან დაკავშირებულ ტბებში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013.
ნ. ნინუა