მახათელაშვილი ფირუზ დავითის ძე (20. XI. 1914, სოფ. კურდღელაური, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 17. V. 1970, იქვე), ხალხური სიმღერების შემსრულებელი, კომპოზიტორი, ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (1936). 1938-იდან ხელმძღვანელობდა სას.-სამ. ინ-ტის გუნდს, 1939-იდან – თავისსავე აღდგენილ რ-ნულ ეთნოგრ. გუნდს თელავში. სხვადასხვა წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ახმეტის, თელავის მასწავლებელთა და კულტ. სახლის, რუსთავის, ყვარლის და სხვა გუნდებს. 1953 იყო გორის საოლქო გუნდის ლოტბარი. აგროვებდა და იწერდა ხალხ. სიმღერებს, ცნობილ მომღერალთა (დედას ლევანა, ვ. მჭედლიშვილი, მ. ჯიღაური, ნ. ელოშვილი და სხვ.) ნამღერ ვარიანტებს. მ-მა სახელი გაითქვა როგორც თვითნასწავლმა კომპოზიტორმა. ცნობილია მისი საავტორო სიმღერები: „სიმღერა კახეთზე“, „სიმღერა თელავზე“, „ხალხო, შეხედეთ, ეს გოგონა ვისია“, მუს.-ქორეოგრ. სიუიტა „მთისა და ბარის მეგობრობა“ და სხვ. მ-ის გუნდები, ხალხ. სიმღერების გარდა, ასრულებდნენ ქართვ. კომპოზიტორთა (ნ. სულხანიშვილი, მ. ჩირინაშვილი, შ. მშველიძე და სხვ.) ნაწარმოებებს. შექმნა ახალი კომბინირებული საკრავი, რ-შიც შერწყმული იყო ჩონგური, ფანდური და ჩანგი.