მახათელი დავით ნიკოლოზის ძე (დ. 15. V. 1975, თბილისი), ბალეტის მოცეკვავე, პედაგოგი. მ-ის მშობლები იყვნენ თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავეები – ნ. მახათელი და მ. ლოლაძე. დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი (პედ-ები: ნ. მახათელი, ვ. ჭაბუკიანი, ლ. მხითარიანი, ბ. რახმანინი, ჰ. ზამუელი). მ-მა მონაწილეობა მიიღო ლოზანას ახალგაზრდა მოცეკვავეთა საერთაშ. კონკურსზე („The Prix de Lausanne“), მოიპოვა I პრემია და პრიზი, რამაც ლონდონის კოვენტ-გარდენის საბალეტო სკოლაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მისცა. სკოლის დამთავრების შემდეგ ცეკვავდა ბირმინგემის სამეფო თეატრში, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის, იაპონიის, ჩინეთის, ევროპის, აშშ-ის თეატრების სცენაზე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელში, პანამის ნაციონალურ ბალეტში. 1996 მიიწვიეს ჰიუსტონის საბალეტო დასში, 2001–02 ამავე დასის, 2003–12 კი – ლონდონის კოვენტ-გარდენის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტია, 2007-იდან – საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ასევე არის თავისივე დაარსებული სააგენტო D&D Art Productions-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. თანამშრომლობს მოსკოვის დიდი თეატრის, სანქ-პეტერბურგის, პარიზის, ინგლისის სამეფო და სხვ. წამყვანი თეატრების არტისტებთან, აწყობს გალა-კონცერტებს, საერთაშ. კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სხვ. არის აგრეთვე მრავალი საერთაშ. კონკურსის ჟიურის წევრი. მ-ს რეპერტუარშია ლ. მინკუსის „ბაიადერა“, პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „მაკნატუნა“, ა. ადანის „ჟიზელი“, ს. პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, „კონკია“; „ონეგინი“ (მუსიკა პ. ჩაიკოვსკის) და სხვ. მას, როგორც პედაგოგს, ხშირად იწვევენ მსოფლიო წამყვან საბალეტო დასები (დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი).