მახათელი მაია ნიკოლოზის ასული

მ. მახათელი
მ. მ ა ხ ა თ ე ლ ი. მახათელი მაია - ოდეტა- ოდილია, პ. ჩაიკოვსკის ბალეტში „გედების ტბა“.

მახათელი მაია ნიკოლოზის ასული (დ. 11. VI. 1986., თბილისი), ბალეტის მოცეკვავე, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა (2010). დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახ. თბილ. სახელმწ. ქორეოგრ. სასწავლებელი, სადაც მშობლებთან ერთად (ნ. მახათელი და მ. ლოლაძე) მისი პედაგოგები იყვნენ ს. მთვარელიშვილი და ლ. ჩხიკვიშვილი. 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და სწავლა განაგრძო სან-ველის საბალეტო სკოლაში (კეტჩუმი, აიდაჰოს შტატი), შემდეგ კი − დენვერში (პედ-ები: გ. ზამუელი, ვ. მუხანოვა). 2002-იდან მ. „კოლორადო ბალეტის“ დასის წევრია. 2006-07 იყო ბირმინგემის სამეფო ბალეტის მოცეკვავე, სადაც ს. პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტაში“ შეასრულა ჯულიეტას, მისმა ძმამ, დ. მახათელმა კი – რომეოს პარტია. 2009-იდან მ. ნიდერლანდების ნაციონალურ საბალეტო დასში ჩაირიცხა. 2014 ჰააგის საზაფხულო პროგრამით მიწვეული იყო ორეგონის საბალეტო დასში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ  ბალეტმაისტერებთან (ქ. ვილდონი, ა. რატმანსკი, ი. გრიგოროვიჩი, ნ. მაკაროვა, ბ. მილეპიედი, დ. დავსონი, ტ. ბრონსონი და სხვ.). მ-ს შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია კიტრი, ნიკია (ლ. მინკუსის „დონკიხოტი“, „ბაიადერა“), კლარა, შაქარლამა; ოდეტა-ოდილია, ავრორა (პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“), ჟიზელი (ა. ადანის „ჟიზელი“); სილფიდა (ჟ. შნეიცჰოფერის „სილფიდა“), ჯულიეტა, კონკია (ს. პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, „კონკია“), მთავარი გოგონა, რუსი გოგონა (ჯ. ბალანჩინის დადგმები: „თემა და ვარიაციები“, „სერენადა“), მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას „ქალი კამელიების“ მიხედვით, მუსიკა − ფ. შოპენის), მატა ჰარი  (ტ. ო’რიგენის „მატა ჰარი“) და სხვ. მ. არის საერთაშ. საბალეტო ფესტივალებისა და კონკურსების, ასევე აშშ-ის საბალეტო გილდიის ახალგაზრდა მოცეკვავეთა კონკურსის (I პრემია და გრან-პრი; დენვერი, 2002) ლაურეატი. მიღებული აქვს ნ. ანანიაშვილისა და ჟ. ალბერტის პრიზი „ვარსკვლავი“ (2011), ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წლის  საუკეთესო მოცეკვავის წოდება და ალექსანდრა რადიუსის უმაღლესი ჯილდო (2015), „Benois de la Danse“-ს პრემია (2019), ჟურნ. „Dance Europe“-ს პრიზი „წლის საუკეთესო ბალერინა“ (2020) და სხვ.

მ. ჯაფარიძე

რ. ქუთათელაძე