მახათელი ნიკოლოზ (ნუგზარი) ვახტანგის ძე (დ. 14. IX. 1946, თბილისი), ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1983). დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი (1966). 1970–75 სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტში დრამისა და ბალეტის ფაკ-ტზე (დ. ალექსიძის ჯგუფი). 1966–92 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1980–83 სტაჟირება გაიარა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ.-პეტერბურგი) ოპერისა და ბალეტის თეატრში.ამავე წლებში იყო სენეგალის (დაკარი) ნაციონალური საბალეტო სკოლის, „მოდერნ მუდრა აფრიკის“ ქორეოგრაფი და პედაგოგი, 1983–85 – გალის (აფხ. არ) ცეკვის, მიმიკისა და პლასტიკის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფი. 1988–90 მუშაობდა ნიკარაგუაში, კომპანია „ბალეტ-მოდერნში“ პედაგოგ-რეპეტიტორად; 1991–92 – თბილ. ქორეოგრ. სასწავლებლის დირექტორად; 1993–2001 – თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრის მთ. ბალეტმაისტერად. 2000–01 აიდაჰოს შტატში (აშშ) იყო საბალეტო სკოლის ხელმძღვანელი. 2002–04 – კოლორადოს შტატის დენვერის დ. ტეილორის საბალეტო სკოლის პედაგოგი. იქვე დააარსა კერძო საბალეტო სკოლა „მახათელი-ბალე“ (2004). 2008–14 იყო ლუიზიანას შტატის ახალი ორლეანის „ხელოვნების სკოლის“ პროფესორი და პედაგოგ-რეპეტიტორი, 2014–18 – მიჩიგანის შტატში „მიჩიგან ბალეტ აკადემიის“ სამხატვრო ხელმძღვ. და დირექტორი. მ-მა აშშ-ში ჩაატარა მასტერკლასები და დადგა სხვადასხვა სტილით გამორჩეული ქორეოგრ. სპექტაკლები. მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: აქტიორი (რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი“), ფრანცი (ლ. დელიბის „კოპელია“), ბაზილი (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“), ყმაწვილი (ფ. შოპენის „შოპენიანა); საბალეტო დადგმები: რ. გაბიჩვაძის მინიატიურა „შველი“, ი. მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი“ (1974, ქუთაისი), ვ. მოცარტის „რეკვიემი“ (პლასტიკური დადგმა), ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (დამუშავებულია ს. ცინცაძის მიერ). მ-ის ქორეოგრაფიული ჩანახატები განხორციელდა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ტელევიზიაში. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).
თ. დოლიძე