მახარა, წყლის საზიდი მოწყობილობა. აჭარის, გურიის სამეგრელოსა და ლაზეთის მთიანეთში დავაკებული ადგილები დაფერდებულთან შედარებით მცირეა, ამიტომ ფერდობებზე ხელოვნურ ტერასებად (ლარები და ოროკები) მოწყობილ სავარგულებზე ხეხილი და ვაზია გაშენებული. აჭარის ხევხუვიანი რელიეფის გამო, გლეხი იძულებული იყო სარწყავი წყალი შორიდან გამოეყვანა. იგი ალაგ-ალაგ ხევზე გადებულ ხის ღარებში – ბელღარებში მიედინებოდა და მორწყვის გარდა, პატარა წისქვილებსაც ატრიალებდა.
მ-ს კარ-მიდამოს სიახლოვეს ან ეზოში აწყობდნენ. ხის ჯოჯგინაზე ჭის გვიმის მსგავს ხელით სატრიალებელ მორგვ-ბორბალს ამაგრებდნენ. ქვემოთ, ნაკადულთან ან წყაროსთან ნიადაგის ტენიანობის გამო მიწაში მუხის მსხვილ მარგილს მყარად არჭობდნენ. მარგილსა და ჯოჯგინას ერთ ფეხს მაგარ ბაგირს აბამდნენ და ჭიმავდნენ. შემდეგ ბაგირის სიგრძის თოკს მორგვ-ბორბალზე ახვევდნენ, ბაგირზე კი რკინისკავიან გორგოლაჭს კიდებდნენ, მორგვზე დახვეული თოკის თავისუფალ ბოლოს გორგოლაჭის თავზე ნასკვავდნენ და წყაროს წყალს ხის ღარს მიუმარჯვებდნენ. წყლის ამოსატანად ხის სათლს (ვედრო) გორგოლაჭის კაუჭზე ჰკიდებდნენ და მორგვ-ბორბალს უკუღმა ატრიალებდნენ. ამ ხერხით სათლი ღარის პირს მიადგებოდა და წყლით ივსებოდა, მორგვ-ბორბლის წაღმა დატრიალებით კი წყალი მაღლა ამოჰქონდათ.
მ. ფრიად ორიგინ. და მოხერხებული ტექნიკური საშუალებაა და ამჟამადაც გამოიყენება.
ე. ნადირაძე