მახარაძე კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე (17. XI. 1926, თბილისი, – 19. XII. 2002, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966). რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (2003, გარდაცვალების შემდეგ). 1934–41 სწავლობდა თბილ. ქორეოგრ. სტუდიაში. 1948-იდან, თეატრ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ, იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, სადაც განასახიერა როლები: იულიუს ფუჩიკი (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“), თუმანიშვილი (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ბარტოლუსი (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), მინდია (მ. აბულაძის, გ. ჟორდანიას „ხოგაის მინდია“, კ. გამსახურდიას მიხედვით), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“), კრეონი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ანდარეზი (დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. 1970-იდან მოღვაწეობა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრში, სადაც შეასრულა როლები: დავით ბარათელი (გ. ხუხაშვილის „მოსამართლე“), მარკიზ დე პოზა (ფ. შილერის „დონ კარლოსი“), ანტონიო (ა. კორნეიჩუკის „ხსოვნა გულისა“), პეტრუჩიო (ჯ. ფლეტჩერის „მომრჯულებლის მომრჯულებელი“), ურიელი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კვაჭი (მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბურგომისტრი (ფ. დიურენმატის „მილიარდერის ვიზიტი“) და სხვ. ლ. როსებას „პროვინციულ ამბავში“ მურმანის როლის შესრულებისათვის მიენიჭა კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია (1982). ქართულ ფილმებში შესრულებული მხატვრული პერსონაჟებია: კოტე („არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), კოტე („დილის ნისლივით“, რეჟ გ. ხოჯავა, 1976), პროკურორი („მონანიება“, რეჟ. თ. აბულაძე, 1984) და სხვ.; სატელევიზიო სპექტაკლებში ითამაშა კიკვიძის (ვ. დარასელის „კიკვიძე“) და ჰიგინსის (ბ. შოუს „პიგმალიონი“) როლები. გადაღებული აქვს ტელეფილმები: „ცეკვის ჯადოქარი“ და „ურიელ აკოსტა“ (რეჟ. რ. ჭიაურელთან ერთად). ამზადებდა ტელერეპორტაჟებს ქართ. კულტურისა და სპორტის ვარსკვლავებზე.
მ-ის სამსახიობო ოსტატობა გამოირჩეოდა ინდივიდუალობით, როლის ღრმა ფსიქოლოგიური წარმოჩენით.
მ. იყო ცნობილი სპორტული კომენტატორი (1957-იდან). მან წაიყვანა თბილ. „დინამოს“ ორი ისტ. თამაშის (1964 – ე. მანჯგალაძესთან ერთად; 1981) რეპორტაჟი. იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, რა დროსაც ნაკრებმა მოიპოვა სსრკ თასი (1945). გამოირჩეოდა მეტყველების მაღალი კულტურით. იყო თეატრისა და კინოს სახ. უნ-ტის ტელეჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანი, პროფესორი. 1997 მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ვ. ანჯაფარიძის სახ. ერთი მსახიობის თეატრი, სადაც განახორციელა წარმოდგენები: ა. ბაქრაძის „რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია“, ჯ. აჯიაშვილის „გამოიღვიძე, ქნარო“, ლ. სანიკიძის „ბაგრატიონები“, ასევე „აკაკი“, „სტალინი“ (მასალის ადაპტაციის ავტორი თავად იყო). მიღებული აქვს ღირსების (1996, 2001) ორდენი, კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმტელის სახ. პრემიები. იყო თბილ. საპატიო მოქალაქე (1996). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.