მახარაძე ლეონ ილიას ძე (3. VII. 1938, თბილისი, – 12. XII. 2022, იქვე), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1986), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1984). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამთო-გეოლოგიური ფაკ-ტი (1961). მუშაობდა გ. წულუკიძის სახ. სამთო ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე ჰიდროსატრანსპორტო მექანიკის დარგში (1962-იდან): იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის სპეც. სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყ-ბას (1989–2012) და კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიას (2012–22). ჩამოაყალიბა და განავითარა დარგის პრობლემური მიმართულებები. მის მიერ შესრულებული თეორიული კვლევის შედეგები აღიარებულია მსოფლიოში. მ. იყო რამდენიმე დარგობრივი უცხოური აკად. წევრი, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.