მახარაძე მიხეილ ქაზიმის ძე (დ. 13. XI. 1946, სოფ. ფაჩხა, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (2000). საქართვ. სახელმწ. (2004) და ეროვნ. (2011) პრემიების ლაურეატი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1970) და ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი (1979). სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და აგრ. უნ-ტში, სამხატვრო აკადემიაში, გ. რობაქიძის უნ-ტსა და კულტურის ინ-ტში. 2006-იდან იყო ბათუმის რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი, თავდაცვის ეროვნ. აკადემიის საპატიო დოქტორი (2005), საქართვ. მეცნ. აკად. ს. წერეთლის სახ. ფილოს. ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1973–94), ამავე ინ-ტის ქართული ფილოს. ისტ. განყ-ბის გამგე (1994–2006) და სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2007–10), ჟურნ. „მაცნეს“ მთ. რედაქტორი (ფილოსოფია; 2008–10).
მ. 2004–08 და 2008–12 იყო აჭარის არ-ის I და II მოწვევის უმაღლ. საბჭოს დეპუტატი, უმაღლ. საბჭოს თავ-რე; საქართვ. V და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.
მ-ს ეკუთვნის სამეცნ. ნაშრომები და წერილები პეტრე იბერზე, იოანე პეტრიწზე, ჟამთააღმწერელზე, აბუსერისძე ტბელზე, XIII–XVIII და XIX სს. ქართ. ფილოსოფიის თავისებურებებზე, ს. დოდაშვილზე, გ. ქიქოძეზე, ი. გოგებაშვილზე, შ. ნუცუბიძეზე, მ. გოგიბერიძეზე, ს. წერეთელზე, ზ. კაკაბაძეზე, ა. ბეგიაშვილზე და სხვ. გამოქვეყნდა მისი ახ. ნაშრომები: „ფილოსოფიური ეტიუდები“ და „ძიებანი ქართული ფილოსოფიის თემებზე“ (2015) და „თანამედროვე ქართული ფილოსოფია. ნარკვევები“ (2021), აგრეთვე მონოგრაფია „შალვა ხიდაშელი“ (2021), რ-ებშიც განხილულია ქართ. ფილოს. საკითხები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ავტორისეული ხედვა, თუ როგორ აისახა XX ს. ევრ. ფილოსოფიის აქტ. საკითხები თანამედროვე ქართვ. ფილოსოფოსთა ნაშრომებში.
მ-მ მონოგრაფიაში „ძიებანი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში“ (1999), გამოიკვლია ქრისტ. ფილოსოფიის საკითხები საქართველოში; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არეოპაგიტიკის კვლევაში; განაგრძო და განავითარა რენესანსის საკითხების კვლევა საქართველოში.
მ. ავტორია სამეცნ.-პოპულ. ნაშრომების, მ. შ. „ავანტიურა აჭარის სახელით“ (2004) აღინიშნა სახელმწ. პრემიით ლიტ-რაში (პუბლიცისტიკის განხრით). აღსანიშნავია მისი წიგნი – „ფილოსოფია მოზარდთათვის“ (2001, 2002, 2003, 2020), ნაშრომს – „ფილოსოფია, პოლიტიკა, მცირე პროზა“ (2005) 2009 მიენიჭა აკად. შ. ნუცუბიძის სახ. პრემია ფილოსოფიაში.
მ-ის მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა ქართ. ფილოს. აზრის ისტორიის ოთხტომეული (1986–2010; ეროვნ. პრემია მეცნ. დარგში). მ-ის ნაშრომები გამოქვეყნებულია უცხოურ ენებზე. თარგმნილი აქვს ვ. სოლოვიოვის, ა. ლოსევის, მ. მამარდაშვილისა და ა. მენის ნაშრომები და წერილები.
მიღებული აქვს ღირსების (2004), ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა (2007) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2012) ორდენები.
თხზ.: სხალთის ზარები, თბ., 1996; ძიებანი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1999; რენესანსი. ჰუმანიზმი და ქართული რენესანსის საკითხები, ბათ., 2009; არეოპაგიტიკა, თბ., 2011; ფილოსოფიური ეტიუდები, ბათ., 2015; ძიებანი ქართული ფილოსოფიის თემებზე, ბათ., 2015; თანამედროვე ქართული ფილოსოფია, ნარკვევები, თბ., 2020; ფილოსოფია მოზარდთათვის, თბ., 2020; შალვა ხიდაშელი, თბ., 2021; Философское содержание ареопагитики, Тб., 1991.
თ. ალიბეგაშვილი