მახარაძე ფილიპე ესეს ძე [9 (21). III. 1868, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 10. XII. 1941, თბილისი], საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, ბოლშევიკი, რევოლუციონერი. სწავლობდა ოზურგეთისა და თბილ. სას. სემინარიებში, 1891-იდან – ვარშავის ვეტ. ინ-ტში. სტუდენტობიდან ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რისთვისაც 1893 დასაწყისში დააპატიმრეს, 1895 კი პოლიციის მეთვალყურეობით საქართველოში დააბრუნეს. 1901 თბილისში საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის კვლავ დააპატიმრეს. 1903 მიემხრო ბოლშევიკებს და შევიდა რსდმპ კავკ. კავშირის კომიტეტში. ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ლენინის ნაშრომი „სოფლის ღარიბებს“ (1905). იყო ფაქტობრივი რედაქტორი ორკვირეული სოც.-დემოკრ. ჟურნ. „მოგზაურისა“ (1905), რ-მაც ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა ი. ჭავჭავაძის წინააღმდეგ.
მ. 1905–06 იყო დაპატიმრებული. გათავისუფლებისთანავე გაემგზავრა ბერლინში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1907, მუშაობდა გაზ. „დროს" რედაქციაში და იყო „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიუროს" წევრი. 1908 გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში. 1911-იდან საცხოვრებლად გადავიდა დონბასში, სადაც ჩამოაყალიბა პარტ. ორგანიზაცია. 1913 ბაქოში რედაქტორობდა გაზ. „ჩვენ წყაროს“. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კვლავ დააპატიმრეს და ყუბის მაზრაში გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და არალეგალურად განაგრძობდა მუშაობას თბილისში, ქუთაისში და სხვ. 1915 აირჩიეს რსდმპ კავკ. ბიუროს შემადგენლობაში. მ. იყო თბილისის საბჭოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რსდმპ-ის სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციის დელეგატი, 1917 ოქტ-იდან – რსდმპ (ბ) კავკ. სამხარეო კომიტეტისა და თერგის საბჭ. რესპუბლიკის მთავრობის წევრი. 1919 თებერვალში იგი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა დამოუკიდებელი საქართვ. ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზებას, რაც მარცხით დამთავრდა.1919 ნოემბერში დააპატიმრეს, სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა, საიდანაც 1920 თებერვალში გაიქცა. 1921 წ. 16 თებერვალს მოსკოვში მყოფი მ. დაინიშნა „საქართველოს რევოლუციური კომიტეტის“ (ე. წ. „შულავერის კომიტეტის“) თავ-რედ. 1921 წ. 21 თებ. საქართვ. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით რევკომის წევრები აღიარეს ქართველი ხალხის მოღალატეებად. 1922-იდან სხვადასხვა დროს იყო საქ. სსრ ცაკ-ის თავ-რე, სახ. კომისართა საბჭოს თავ-რე. მ. ფიქრობდა, რომ საბჭ. რუსეთის არმია მალე დატოვებდა საქართველოს და ქვეყანა დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალ. რესპუბლიკა იქნებოდა. იყო კომინტერნის II კონგრესის (1920) დელეგატი. 1921–22 მეთაურობდა ქართვ. ბოლშევიკების ოპოზიციურ ნაწილს – ე. წ. „ნაციონალ-უკლონისტებს“, რ-ებმაც სცადეს შეენარჩუნებინათ ეროვნ.-სახელმწიფოებრივი ინ-ტები და დამოუკიდებელი რესპ. სტატუსით შესულიყვნენ საბჭ. კავშირში, მაგრამ ისინი დამარცხდნენ. მ. 1938-იდან იყო საქ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე და სსრკ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რის მოადგილე; პარტიის XII, XIII, XV–XVIII ყრილობების დელეგატი.
მ. ცნობილია როგორც პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. აქვს ნაშრომები საერთაშ. რევ. მოძრაობაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალული იყო მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში; საზ. პროტესტის გამო საფლავი ააფეთქეს და 1989 მისი ნეშტი ხუდადოვის სასაფლაოზე გაადასვენეს.
ლიტ.: გრიგალაშვილი ნ., თანამდევი სული, ტ., 2, თბ., 2011; მახარაძე ნ., ფილიპე მახარაძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1958; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; შველიძე ი., საქართველოს უახლესი ისტორია (1917–2012), თბ., 2021; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009.
ლ. თოიძე
ს. ყუბანეიშვილი
დ. შველიძე