მახარობლიანთ ციხე, X ს. ციხე ხადის ხეობაში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). კოშკი შვიდსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით, რ-ის ზომა კოშკის სიმაღლესთან ერთად მცირდება. კუთხეებსა და კარ-სარკმელთა საპირედ დიდი ზომის თლილი ქვებია გამოყენებული. სამხრ-იდან, ბრტყელ კედელში, მიწის პირიდან დაახლ. 6 მ-ზე სწორკუთხა კარია დატანებული, რ-ის ორივე მხარეს ქვის კონსოლებია. აქ აივანი უნდა ყოფილიყო მოწყობილი. 1-ელი სართულის იატაკში ხვრელია, საიდანაც ცოკოლის სართულში შეიძლება მოხვედრა. კარის აყოლებაზე, ყოველ სართულზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი. მე-6 და მე-7 სართულებზე ფართო ღიობებია. ეს სართულები საბრძოლო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. მ. ც-ს სამხრ-ის მხრიდან ნახევარწრიული ბაქანი აქვს მიშენებული. მოშორებით კედლის ნანგრევებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, კოშკს წინა მხრიდან გალავანშემოვლებული ეზო ჰქონდა. პროპორციებით, წყობით, ბოლო სართულების თავისებური გადაწყვეტით მ. ც. ცეცხლისჯვრის კოშკის ანალოგია.
ლიტ.: გვასალია ჯ., გიორგიძე მ., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983.