მახატლისძენი

მახატლისძენი, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XI–XIII სს. საქართველოში. კამბეჩოვნის (დაახლ. გვიანდ. ქიზიყი) ცენტრის – ხორნაბუჯის პატრონები. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად არიან მოხსენიებული: კოლონკელისძენი (XII ს.), მ. (XII ს. ბოლო), ხორნაბუჯელნი (XIII ს.). XI–XII სს-ში ამ საგვარეულოს ხელში იყო ჰერეთის ერისთავობა. მატიანეში მ. მოხსენიებული არიან თამარის კარზე დაწინაურებულ კახეთ-ჰერეთის საგვარეულოთა შორის. მ. მეთაურობდნენ ხორნაბუჯის სანაპირო მხედრობას გიორგი რუსის მეორე ამბოხისას (იხ. იური ანდრიას ძის აჯანყება 1191). XIII ს-ში ხორნაბუჯი საერისთავო ქვეყნიდან მ-თა მამულად იქცა, რის გამოც საგვარეულო ხორნაბუჯელებად მოიხსენიება.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე.

ლიტ.: ბახტაძე მ., კახეთ-ჰერეთის ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან, თბ., 2008; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ; 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.3).

ნ. შოშიაშვილი