მახელონები

მახელონები, ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომი, სავარაუდოდ, იგივე მაკრონები (მ. მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს). V ს. ანონიმი მწერალი მ-ს ჰენიოხებთან ერთად მოიხსენიებს შავიზღვისპირა რ-ნში, ტრაპეზუნტის აღმ-ით, ახლანდ. რიზესა და ათინას შორის. მ-სა და ჰენიოხებს, II ს. ავტორის, ფლავიუს არიანეს ცნობით, საკუთარი პოლიტ. გაერთიანება – „სამეფო“ ჰქონდათ, რ-ის მეფე 131 წ. ყოფილა ანქიალე. „ანქიალეს სასახლე“, ე. ი. დედაქალაქი მდებარეობდა მდ. პრიტანიდაზე (ახლანდ. ათინის აღმ-ით 7–8 კმ-ზე). პართიაზე ლაშქრობის დროს იმპ. ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია ქ. სატალაში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო“ რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა. ქააბა-ი-ზარდოშტის წარწერის ბერძნულ ვარიანტში ირანს დაქვემდებარებული ქვეყნების დასახელების დროს, მახელონიას იხსენიებს ირანის მბრძანებელი შაბურ I-ც (242–272).

ლიტ.: არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961; დუნდუა თ., თავაძე ლ., რამდენიმე საკითხი პონტოს საზღვრის შესახებ I–III სს., „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2011, [ტ] 3; ლომოური ნ., ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ, „მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35, Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი