მახვილაძე მზია მიხეილის ასული (7. VI. 1926, თბილისი, – 30. VIII. 1998, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1960). 1948 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან გარდაცვალებამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შესრულებული როლებია: ქრისტინე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), თებრო (ს. შანშიაშვილის „ახალი ფუძე“), ვიოლა (უ. შექსპირის „მეთორმეტე ღამე“), მაია (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), გულქანი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ქეთო, დედა (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, „საბრალდებო დასკვნა“), დედოფალი მარიამი (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), ოლღა („ასი წლის წინათ“, ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მოტივებზე), ფრაუ პეტერსი (ჰ. ჰაუპტმანის „მზის ჩასვლის წინ“) და სხვ. გადაღებულია რამდენიმე კინოფილმში, მ. შ. გამორჩეულია დედის ეკრანული სახე თ. აბულაძის ფილმში „მონანიება“ (1984).