მახვილი, საჩხვლეტ-საძგერებელი ან საჩეხი იარაღი, განკუთვნილი ხელჩართული ბრძოლისათვის. გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანიდან; კავალერიამ შეინარჩუნა XX ს. დასაწყისამდე. ასურულ (ნინევია) რელიეფზე (მეფე ასურბანიფალის ლომზე ნადირობის სცენა) ჩანს, რომ მ-ს ნადირობის დროსაც იყენებდნენ. მ. ხელისუფლების სიმბოლოც იყო. მისი იშვიათი ნიმუშები ცნობილია ძვ. წ. III ათასწლ. დასასრულიდან კ. კრეტიდან; მ-ის მასობრივი გავრცელება დაიწყო ბრინჯაოს ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, როდესაც შესაძლებელი გახდა გრძელი, ვიწრო და მაგარი იარაღის დამზადება. მ-ები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა პირის მოყვანილობით, უფრო ხშირად კი – ტარით. მ-ის ვადაზე თანდათან ვითარდებოდა სწორი, რკალისებრი ან ლამბაქისებრი ხელის დასაცავი. მ-ის პროტოტიპად ითვლება ბრინჯაოს გრძელი სატევარი. სამხრ. კავკ. ადრინდელ მ-ებს (სამთავრო, ლილო, ყაჩაღანი, ძორაჰესი, ალავერდი) ეგეოსურ ტიპს აკუთვნებდნენ, მაგრამ ირკვევა, რომ ისინი დამოუკიდებელ სახეობას ქმნიან და შესაძლებელია ადგილ. წარმოშობისაც იყოს. ძვ. წ. II ათასწლ. შუა წლებში მ. გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის, უფრო მოგვიანებით კი – ევრ. ქვეყნებში. სამხრ. კავკასიასა და საქართველოში ცნობილია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ბრტყელი მ., რ-ის უმთავრესი ტიპებია აღმ. ქართული მთლიანადსხმული (წვეტიანი, წვეტმომრგვალებული, ბოლოკვეთილი) და ქვედაბეკური (წვეტიანი) მ-ები. ქვედაბეკური მ. ცხენოსანთა საჩეხი საბრძოლო იარაღი იყო. როგორც ჩანს, სამხრ. კავკ. და ევრ. (ჰალშტატის კულტურა) რკინის მ. ბრინჯაოს მ-ის განვითარების შედეგია.
ძვ. წ. VII–VI სს-იდან ვრცელდება სკვითური მოკლე მ. (აკინაკი), რ-იც საქართველოშიც არის აღმოჩენილი (სამთავრო, დვანი, ბრილი და სხვ.). ძვ. წ. VI ს-ში ჩნდება ბერძნ. მოკლე მ. – მახაირა, რ-იც გავრცელდა ძვ. წ. V–IV სს-ში (ითხვისი, შრომისუბანი, ყანჩაეთი, ვანი და სხვ.). ძვ. რომაელები (ძვ. წ. III ს. – ახ. წ. III ს.) ხმარობდნენ მოკლე (გლადიუსი) და გრძელ (სპატა) მ-ებს.
ბრინჯაოსა და რკინის უძველესი, აგრეთვე ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის მ. ორლესული იყო. V ს-ში აღმ. ევრ. ველების მომთაბარე ტომებში გაჩნდა ცალპირლესული მ., რაც ცხენოსნობის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. VIII ს-ში ევრ. და შუა აზიის ველების მომთაბარე ტომებს ჰქონდათ მოხრილი ცალპირი მ., რ-იც XIV ს-ში ფართოდ გავრცელდა რუსეთში, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო XVI ს-ში – დას. ევროპის ცხენოსანთა შეიარაღებაში. მ. მაღალხარისხიანი ფოლადისაგან მზადდებოდა.
ლიტ.: ლომთათიძე გ., ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს სამარხებში, თბ., 1974; ნიორაძე გ., ზემო ავჭალის სამარე, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1931, ტ. 6; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1972; წურწუმია მ.; შუა საუკუნეების ხმლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2015, [ტ.] 9; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 4, საომარი საჭურველი და სამხედრო საქმე, თბ., 1962; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, [кн.] 1, Тб., 1941.
ლ. ფანცხავა