მახვილოს ციხე, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფ. ფახვიჯთან (დუშეთის მუნიციპ.) ახლოს, ე.წ. მახვილოს მთის წვერზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ციხე სხვადასხვა დონეზე განლაგებული და ერთმანეთზე მიდგმული ოთხი ნაგებობისაგან შედგება. მათგან ჩრდ. განაპირა გეგმით ტეხილი ფორმისაა, დანარჩენი სამი – კვადრატული (10 მ × 10 მ). ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ოთხივე ნაგებობის დას. კედელი (სიმ. 2,9–3,5 მ) და განაპირა ნაგებობათა აღმ. კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი ჩრდ. განაპირა ნაგებობის დას. კედელშია. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. მომდევნო, სამხრ-ით მდებარე ნაგებობის დას. კედელში სწორკუთხა (5,3 მ × 4,2 მ) კოშკია ჩართული (შემორჩენილია ქვედა მასიური ნაწილი), რ-საც დას-იდან (თითქმის მთელ სიგრძეზე) მომრგვალებული კონტრფორსი აკრავს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.
გ. ბაგრატიონი
ბ. მაცაბერიძე