მახვილსიტყვაობა

მახვილსიტყვაობა, ცხოვრებისეული მანკიერებების სიტყვამოსწრებული, სიტყვამახვილი, სატირულ-იუმორისტული მხილება. მ. ვლინდება მცირე ზომის ჟანრებში (ანეკდოტი, იგავი, ანდაზა, ზმა და სხვ.). ძვ. საქართველოში პროფესიონალი შემსრულებლები (ხუმარი, მასხარა) უმეტესად სამეფო კარზე იმყოფებოდნენ ან მსახიობთა დასში შედიოდნენ. მათგან ცნობილნი არიან ბენია, ოთარიკა, ჭაბუა, ხორგუაშვილი, საგინაშვილი და სხვ.; უფრო მოგვიანებით – ი. ჯაში, ლ. როხროხაძე, ს. ერისთავი და სხვ. მ-თვის დამახასიათებელია ხუმრობის სამოსელში გახვეული ენამწარობა და ძნელად საკადრებელი შაირსიტყვაობა. მ-ს ხშირად დიდაქტ.-აღმზრდელობითი ფუნქციაც აქვს.

ლიტ.: კიკნაძე გ., ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის, თბ., 1972; ჩიქოვანი მ., სატირა და იუმორი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში, „ლიტერატურული ძიებანი“, 1955, [ტ.] 9.