მახვში, სოფლის თავკაცი სვანეთში. მას მოსახლეობა საგანგებოდ დანიშნულ ადგილას (სვან. „სვიფ“, „ლალხორალ“) უვადოდ ირჩევდა და თუ ვერ გაამართლებდა ხალხის მოლოდინს, სოფლის ყრილობას (სვან. „სოფლობ“) შეეძლო მ-ის შეცვლა. ბუკის („სანყვირ“) ხმაზე სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი და შეიარაღებული მოსახლეობა („ქუდზე კაცი“) იკრიბებოდა. არჩევნებში მონაწილეობდა 20 წლის ზევით ყველა, ქალიც (სვან., „ზურალი“) და მამაკაციც. ხალხის წინ ვინმე ენამჭევრი მ-ად წარდგენილი პირის „შესხმას“ (ქებას) იტყოდა. მახვშობის კანდიდატი მადლობას იხდიდა და თავის სიტყვას ღვთის ვედრებით ასრულებდა. მ. უნდა ყოფილიყო ხანში შესული, გონიერებით, მამაცობით, პატიოსნებით, საზ-ბისადმი ერთგულებით გამორჩეული და მორწმუნე პიროვნება. უპირატესობა არ ენიჭებოდა სოციალურ სტატუსს (წოდებრიობას) – შეეძლოთ აერჩიათ როგორც გლეხი, ისე აზნაური („ვარგ“). ითვალისწინებდნენ მხოლოდ პიროვნულ თვისებებს. მახვშობის რამდენიმე კანდიდატის შემთხვევაში, დიდი ბჭობის შემდეგ ან ერთხმად აირჩევდნენ სასურველს, ან ე. წ. „ღვთის კენჭის“ („ფუსვნა ჯულაი“) მეშვეობით. რამდენიმე სოფლის საერთო, ანუ სახევო ყრილობაზე სახევოში შემავალი სოფლების მ-ები თავკაცად არჩეული მ-ის თანაშემწეები („ჩენილი“) ხდებოდნენ. მ. მხოლოდ „ჩენილებთან“ თათბირის (ვაზირობა) შემდეგ, მათთან შეთანხმებით იღებდა გადაწყვეტილებას და აცნობდა თემის ყრილობას, რ-საც შეეძლო არ დათანხმებოდა მ-ის გადაწყვეტილებას. მისი თანამდებობა მემკვიდრეობით არ გადადიოდა. მთელი სვანეთის თემების ყრილობაზე („შვანია ხევობ“), რომელიმე ხევის თავკაცს ირჩევდნენ სრულიად სვანეთის მ-ად. მასთან ინახებოდა „ერთობილი“ სვანეთის საწინამძღვრო, საბრძოლო დროშა ლემი.
მ. დიდი პატივით სარგებლობდა. აღაპის, ქორწილის, სამგლოვიარო ცერემონიალის („ტირილებზე“), სათემო-რელიგიური დღესასწაულის დროს მ-ს თავისი ამალით (ჩენილებით) ცალკე, საპატიო სკამზე (საკარცხული) სვამდნენ, წინ უდგამდნენ სამფეხა მრგვალ მაგიდას („ფიჩქი“) და საუფროსო კათხას („მახვში კათხ“). საქონლის დაკვლისას საკლავის თავი მ-ს ეკუთვნოდა. მისი შეურაცხყოფა სასისხლო საქმედ ითვლებოდა. მ. მოვალე იყო სახ. ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ცხოვრებაში გაეტარებინა. მკვლელობის შემთხვევაში ის ვალდებული იყო მხარეების შერიგებაში შუამავალი ყოფილიყო. საეკლ. თუ სხვა სახალხო თავყრილობაზე მ. გადმოდგებოდა შემაღლებული ადგილიდან და ხალხს აფრთხილებდა, არ ეჩხუბათ და არ დაეჭრათ ერთმანეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოჩხუბრებს დღეობის დასრულებამდე იარაღს ჩამოართმევდა. მ. აგრეთვე აწესრიგებდა დიდი ოჯახის გაყრის საქმეს, ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე, უთვისტომოებზე, მოღალატეს, შემარცხვენელს კი სოფლიდან აძევებდა. საჭიროების შემთხვევაში იწვევდა სათემო ყრილობას. ომიანობისას ასრულებდა მთავარსარდლის ფუნქციას.
სვანეთში ოჯახის უფროსს „ქორა მახვში“ ეწოდებოდა. იგი სახლის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.
რუსეთის მიერ ზემო სვანეთში სახ. თვითმმართველობის გაუქმების შემდეგ (1853) მახვშობის ინ-ტი ბოქაულობით და მამასახლისობით ჩაანაცვლეს, თუმცა ხალხი მაინც ძველი წესით აგრძელებდა ცხოვრებას და მ-ებს ირჩევდა. თავისი საზ. როლით მ. იგივეა რაც ხევისბერი აღმ. საქართვ. მთაში.
ლიტ.: გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1927; ნიჟარაძე ბ., ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, I, თბ, 1962., ხარაძე რ., რობაქიძე ა., სვანეთის სოფელი ძველად, თბ., 1964; Эристов Р., Заметки о Сванети, „Записки Кавк. отдела Рус. геогр. об-ва“, 1897, кн. 19.
გ. ჩინჩალაძე