მაჯაღვერი (Daphne), მცენარეთა გვარი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობის მარადმწვანე ან ფოთოლმცვივან მცირედ დატოტვილ ბუჩქებს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში 6 სახეობა იზრდება. უფრო ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი მ. (D. mezereum) – ფოთოლმცვივანი ბუჩქი, რ-ის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. აქვს ვარდისფერი, სურნელოვანი, თაფლოვანი ყვავილები, რ-ებიც ფოთლის გაშლამდე ან მათთან ერთად გამოაქვს, და წითელი კურკიანა ნაყოფი. გვხვდება უმეტესად მთის ზედა სარტყლის ტყეებში. მეტად დამახასიათებელია სუბალპ. გამეჩხერებული ტანბრეცილი ტყეებისათვის. მისი ყველა ნაწილი შხამიანია და დეკორატიულ მცენარედ იშვიათად აშენებენ.
ვ. სხიერელი