მაჰომედბეკოვა ზაჰიდატ მაჰომედის ასული (1920, ხუნზახი, დაღესტანი, – 1999, მოსკოვი), ენათმეცნიერი, დაღესტანოლოგი, ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი (1970), ახვახურსა და კარატულ ენებზე პირველი სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი. სწავლობდა დაღ. პედ. ინ-ტში (1938–42), სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო ბოტლიხისა და ვედენოს (დაღ.) საშუალო სკოლის რუს. ენისა და ლიტ. მასწავლებლად (1942–46). აკად. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით 1949 დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა. მუშაობდა დაღ. პედ. ინ-ტსა და განათლების სამინისტროში (1950–52). 1967–82 იყო თბილ. თეატრ. ინ-ტის სასცენო მეტყველების პედაგოგი, ხოლო 1952–99 – საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი.
თხზ.: ბგერათშესატყვისობათა შესახებ ახვახური ენის დიალექტებს შორის, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“, თბ., 1974, ტ. 1; Ахвахский язык. Грамматический анализ, тексты, словарь, Тб., 1967; Каратинский язык. Грамматический анализ, тексты, словарь, Тб., 1971.
ლიტ.: თოფურია გ., ზაჰიდატ მაჰომედბეკოვა, „ბურჯი ეროვნებისა“, 1999, №2.
ს. მეტრეველი