მაჰომედოვა (მაჰომეტოვა) მანაბა ამარის ასული

მ. მაჰომედოვა

მაჰომედოვა (მაჰომეტოვა) მანაბა ამარის ასული (5. II. 1928, აული ყუბაჩი, დაღესტანი, – 10. III. 2013, მაჰაჩყალა, დაღესტანი), მხატვარი, ოქრომჭედელი. საქართვ. (1985), დაღესტნის (1978), რუსეთის ფედერაციის (2003) სახ. მხატვარი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართ. გამოყენებითი ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. დაამთავრა მოსკოვის უმაღლ. სამხატვრო (ყოფ. სტროგანოვის) სასწავლებლის ლითონის მხატვრული დამუშავების კურსები (1952). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1956-იდან. 1935–2000 ცხოვრობდა თბილისში. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1959–67). ნამუშევრები: ვერცხლის ზარდახშა (1949); ვერცხლის დეკორ. ჭურჭელი: ლარნაკები – „ცხოველთა სამყარო“ (1955); პორტრეტები – შოთა რუსთაველი (1962, 1966, 1976), შამილი (1963), თამარ მეფე (1963, 1964), ვაჟა-ფშაველა (1964); ლანგრები – „შოთა რუსთაველი“ (1966), „მხატვარი და ბუნება“ (ეძღვნება ე. ახვლედიანს, 1977), „მხატვრის სამყარო“ (ეძღვნება დ. კაკაბაძეს, 1977), „ლ. გუდიაშვილი“ (1982), „ა. წერეთელი“ (1982); წიგნის ყდები – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (14 ვარიანტი, 1966–98), ნ. ბარათაშვილის „მერანი“ (1975), ლ. ტოლსტოის „ჰაჯი მურატი“ (1976); კომპოზიციები – ხანჯლები – „თბილისი – 1500 წელი“ (1958); ვერცხლის და მინანქრის გარნიტურები – „გაზაფხული“ (1957), „ფარშევანგი“ (1959), „წელიწადის ოთხი დრო“ (1970) და სხვ. მ. იყენებდა სევადის, გრავირების, ზარნიშის, ცვრის, ფილიგრანის, ტიხრული და გამჭვირვალე მინანქრის, ჭედურობის, ინკრუსტაციის ტექნიკას.

მ. მაჰომედოვა. შოთა
რუსთაველი. "ვეფხისტყაოსანი". წიგნის ყდა. 1970. კერძო საკუთრება.

გამოფენები: პერსონალური – თბილისი (1961), მაჰაჩყალა (1965), ჩეხოსლოვაკია (1968), მოსკოვი (1980), უნგრეთი (1986), გალერეა „ჩუქურჯუმა“, სტამბოლი (1990) და სხვ. გამოფენები: თბილისი (1954), თბილისის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი (1958), „ექსპო-58“, ბრიუსელი (1958), ქალთა მსოფლიო კონგრესი, მოსკოვი (1963), შოთა რუსთაველის დაბადების 800 წელი, სეგ (ამჟამად დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა), თბილისი (1966); ა. დიურერის დაბადების 500 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. გამოფენა, ნიურნბერგი, გერმანია (1971); „მინანქარი“, უნგრეთი (1973); ი. ჭავჭავაძის დაბადების 150 წელი, სეგ (1987); „საშობაო`, თბილისის ისტ. მუზეუმი, ქარვასლა (1990); ა. წერეთლის დაბადების 150 წელი, სეგ (1991); ათა თურქის საერთაშ. ფესტივალი, ანკარა (1995) და სხვ.

მ. მაჰომედოვა. დეკორატიული სინი „მხატვრის სამყარო“,
მიძღვნილი დ. კაკაბაძის ხსოვნას. 1977. კერძო საკუთრება.

მ-ს ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ., ი. გრიშაშვილის სახ. თბილ. ისტორიის, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმებში, აღმ-ის ხელოვნების სახელმწ. (მოსკოვი), მაჰაჩყალის მხარეთმცოდნეობისა და ხელოვნების, სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიულ, სტამბოლის, ნიურნბერგის დიურერის მუზეუმებში და სხვ., ასევე კერძო კოლექციებში.

ავტორია წიგნების: „მე ყუბაჩელი ვარ“ (მაჰაჩყალა, 1968), „ტრადიციების კვალდაკვალ“ (თბილისი, 1971), „ცხოვრების ჩუქურთმები“ (მოსკოვი, 1975), „ოქრომჭედლის საჭრეთელი“ (მაჰაჩყალა, 1976).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

თ. გერსამია.