მაჰომეტოვი ალექსანდრე ამარის ძე (12. VI. 1917, აული კუბაჩი, დაღესტანი, – 17. VI. 2004, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965). დაღესტნის რესპ. (რფ) და საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე. 1940 დაამთავრა საქართვ. კიროვის სახ. ინდუსტრიული ინ-ტი (ახლანდ. სტუ). 1940–44 მუშაობდა ვორონეჟისა და მოსკოვის საავიაციო ქ-ნებში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე; 1944-იდან – თბილ. სახელმწ. მატერ. რეზერვის სამმართველოში. 1948 დაამთავრა საქართვ. მეცნ. აკად. ენის ინ-ტის ასპირანტურა კავკ. ენების სპეციალობით. ამავე წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ენათმეცნ. (ყოფ. ენის) ინ-ტში თანამშრომლად. მ. ავტორია ოთხი ფუნდამენტური მონოგრაფიისა, რ-ებშიც რამდენიმე დაღ. ენის სრული აღწერითი ანალიზია მოცემული: „კუბაჩური ენა“ (1963), „თაბასარანული ენა“ (1965), „აღულური ენა“ (1970) და „დარგუული ენის მეჰებური დიალექტი“ (1982). მონაწილეობდა ევროპის კავკასიოლოგთა საზ-ბის მიერ ჩატარებულ კოლოკვიუმებში პარიზში (1988), ლონდონსა (1990) და მარბურგში (1994). მნიშვნელოვანია მ-ის ღვაწლი მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტ. საქმეში. მან დიდი შრომა გასწია XIX ს. გამოჩენილი რუსი კავკასიოლოგის, ს. უსლარის დაუმთავრებელი ნაშრომის – „კავკასიის ეთნოგრაფია. ენათმეცნიერება. VII. თაბასარანული ენა“ – აღმოჩენისა და გამოცემისათვის. სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინ-ტის თხოვნით მუშაობდა ბიბლიის თარგმანზე დარგუული ენის კუბაჩურ დიალექტზე. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი.
თხზ.: Кубачинский язык, Тб.,1963; Табасаранский язык, Тб., 1965; Агульский язык: Исследование и тексты, Тб., 1970; Исследователь дагестанских языков, Махачкала, 1979; Мегебский диалект даргинского языка: Исследование и тексты, Тб., 1982.
ლიტ.: ალექსანდრე მაჰომეტოვი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 2009, ტ. 37.
ს. მეტრეველი