მგალობლიშვილი ირაკლი სერგოს ძე (31. I. 1915, ქუთაისი, – 14. XII. 1997, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982), საქართვ. სამედ.-ბიოლ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).
1937 დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) I სამედ. ინ-ტი; 1937–40 იყო ყაზახეთის ქ. ჯეზყაზღანის საავადმყოფოს ქირურგი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1947–50 ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის ქირურგიის კათედრაზე აკად. ნ. პეტროვის ხელმძღვანელობით იკვლევდა ფილტვის ქირურგიის საფუძვლებს. 1963–65 იყო ლენინგრადის სამხ. ოლქის მთ. ქირურგი, 1965–71 – ორჯონიკიძის სახ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, 1971–76 – თავდაპირველად თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტის საფაკულტეტო, შემდეგ ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი 1976–79 – იქვე თავისივე დაარსებული ონკოლოგიის კათედრის გამგე, 1980–85 – ჰოსპიტ. ქირურგიის კათედრის გამგე, 1971–77 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ქირურგი.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, სადაც განხილულია ძვლის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგ. საკითხები და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.