მგალობლიშვილი ნელი ალექსანდრეს ასული (23. X. 1924, თბილისი, – V. 2004, იქვე), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1947 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან იყო ცხინვალის თეატრის ქართ. დასის, ხოლო 1948–91– რუსთაველის თეატრის მსახიობი. ეწეოდა პედ. საქმიანობას. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ცხინვალის თეატრში – მარინა (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“), ლუიზა (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“); რუსთაველის თეატრში – ფაიხოში (დ. ერისთავის „სამშობლო“), კესო (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), ოფელია, დეზდემონა, კორდელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“), კეკე, სალომე (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), თინა (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ქალბატონი პიჩემი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), ბაბალე (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), მოქრისი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“) და სხვ. მ-ის შემოქმედება გამოირჩეოდა გმირების შინაგანი ბუნების სიღრმისეული გახსნით, სცენური მომხიბვლელობითა და დამაჯერებლობით.