მგალობლიშვილი ნოდარ ალექსანდრეს ძე

ნ. მგალობლიშვილი

მგალობლიშვილი ნოდარ ალექსანდრეს ძე (15. VII. 1931, სოფ. გომბორი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 26. III. 2019, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1954 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში. 1959–61 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“, 1961–63 – სანკულტურის, 1964–67 – მარჯანიშვილის, 1967–75 – რუსთავის (1970–72 – დირექტორი) თეატრების, 1975-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი – კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მ-მა შექმნა არაერთი დაუვიწყარი სცენური სახე, მ. შ. გუგუნა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), უელსის პრინცი (უ. შექსპირის „რიჩარდ III“), მსახიობი (მ. გორკის „ფსკერზე“), ლე-ბრე (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ქონდრა (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), გელოვანი (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), მოშიაშვილი (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“), ერეკლე (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), მიუნჰაუზენი (გ. გორინის „ბარონ მიუნჰაუზენი“), გურამი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“), ჰაკი აძბა (ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), თეიმურაზ ხევისთავი (მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“) და სხვ. გამორჩეული კინემატოგრაფიული პერსონაჟებია: ნოდარი („ზღვის შვილები“, რეჟ: კ. პიპინაშვილი, 1964), ჭანი („მყუდრო სავანე“, რეჟ. კ. ღლონტი, 1971), ვაჟა („ლევან ხიდაშელი“, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1973), ჭოლა საგანელიძე („დათა თუთაშხია“, რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), გრაფი კალიოსტრო (მ. ზახაროვის „სიყვარულის ფორმულა“, 1984), კაპიტანი კლერნი („ზღვის მაშვრალნი“, რეჟ-ები: ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986), გრიგორი („ანთიმოზ ივერიელი“, რეჟ. გ. ჭოხონელიძე, 2001) და სხვ. ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული ფილმებში: „საბუდარელი ჭაბუკი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1957) და „როცა აყვავდა ნუში“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1972). მონაწილეობდა ტელესერიალებში.

მ-ს მაღალი პროფესიული სამსახიობო ოსტატობა აღინიშნება როლების სიღრმისეული, ინტელექტუალური ხედვით. თავისი სამოქალაქო პოზიციითა და პროფესიონალიზმით მ. ტონს აძლევდა თეატრალურ პროცესებს. 1976 გახდა უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი (ი. კატონას „ბანკ-ბანში“ ოტოს როლისათვის). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000), კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია (2009). იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მახათას პანთეონში.