მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (20. VII, 1851, სოფ. დირბი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 30. XI. 1925, თბილისი), ხალხოსანი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი (1867), შემდეგ – თბილ. სას. სემინარია (1873). 1873–93 მასწავლებლად მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებელში; 1893–97 – ფოთში, სამეგრელოს საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897–1910 – თბილისში, სინოდის კანტორაში. სემინარიაშივე გაიტაცა ანტიმონარქიულმა განწყობამ. ახალგაზრდა პედაგოგი გორის რ-ნის სოფლებში მართავდა წარმოდგენებს, ავრცელებდა აკრძალულ ლიტ-რას. გორის ხალხოსანთა რევ. ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის ორჯერ (1876 და 1878) იყო დაპატიმრებული. თანამშრომლობდა ქართვ. ხალხოსანთა ჟურნ. „იმედთან“. 1912–13 იყო გაზ. „ჩვენი დროების“, ხოლო 1912-იდან – გაზ. „თემის“ რედაქტორი.
წერა მ-მა ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს დაიწყო. 1872-იდან „დროებასა“ და „მნათობში“ ბეჭდავდა როგორც ორიგინ. ნაწარმოებებს, ისე – თარგმანებსაც. მკითხველმა გულთბილად მიიღო მის მიერ თარგმნილი ფ. შილერის „ორლეანელი ქალი“. ამის შემდეგ სისტემატურად აქვეყნებდა მოთხრობებსა და მწვავე პუბლიც. წერილებს. მ-ის შემოქმედებაში აისახა ქართვ. გლეხობის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნის წინა პერიოდიდან 1905–07 რევოლუციამდე და მისი მომდევნო რეაქციის ხანამდე. მის მოთხრობებში („დედა მაია“, 1880; „ღამის მეხრე ცეცო“, 1881; „მთიული სოსე“, 1892 და სხვ.) გადმოცემულია გლეხობის უსასოო მდგომარეობა. მ. გლეხთა ბედუკუღმართობის მთავარ მიზეზად უწიგნურობას მიიჩნევდა და პრაქტიკულად იღვწოდა სოფელში განათლების, შესაცვლელად. გლეხობის მებრძოლი ბუნება და რევ. იდეები აისახა მის მოთხრობაში „ჯორ-ზაქარა“ (1907), შექმნა ქართვ. გლეხი ქალების საინტერესო სახეები. მასვე ეკუთვნის მემუარული ხასიათის მოგონებები (1938), ვრცელი ავტობიოგრაფიული მოთხრობა „წარსულიდან“ (1898–1900), პოპულ. საყმაწვილო მოთხრობები „თინიას გიშერა“ (1890), „ყაყიტას ქურდი“ და სხვ.
მ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: დემეტრეს სახლობა, გორი, 1889; გმირისეულის ქალი, ტფ., 1892; თავადი იერონიმე, ტფ., 1892; რჩეული 2 ტომად, ტფ., 1926; ყაყიტას ქურდი, ტფ., 1935; მოგონებანი, ლ. ასათიანის წინასიტყვ., რედ. და შენიშვნებით, თბ., 1938; რჩეული მოთხრობები, თბ., 1951, 1963; მოთხრობები, თბ., 2010.
ლიტ.: ასათიანი ლ., ჩვენი მწერლები, თბ., 1972; ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ბარამიძე ლ., სოფრომ მგალობლიშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2005; ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; თავზიშვილი გ., სოფრომ მგალობლიშვილი, თბ., 1956; კიკნაძე ზ., სოფრომ მგალობლიშვილის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1974.
ს. ხუციშვილი