მგელაძე (გიგინეიშვილი) საფო იოსების ასული (1894, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 1936, თბილისი), პოეტი, ბელეტრისტი. ფსევდონიმები: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“, „სანი“. 1908 ლექსი „საქართველო“ გამოაქვეყნა ამავე დასახელების ჟურნალში, ხოლო ა. წერეთლის იუბილესთან დაკავშირებული 2 ლექსი – ჟურნ. „ფასკუნჯში“. 1922-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. იყო ქალთა ჟურნ. „ჩვენი გზის“ თანამშრომელი. სტატიებს აქვეყნებდა „ლიტერატურულ საქართველოში“, „ლომისში“, „მნათობში“ და სხვ. ავტორია პოემისა „ბახმარო“ (1927); რომანებისა: „ლიანა ლორდია“ (1928), „ქარიშხლის ფრთებზე“ და „გზადაგზა“ (ორივე 1935); ლექსების კრებულისა „პრელუდია“ (1931); კრებულებისა „თხზულებანი“ (1940), „რჩეული“ (1968).
ლიტ.: ქართველი პოეტები, შემდგ. ა. ელერდაშვილი, თბ., 2021.