მგელი

ჩვეულებრივი მგელი

მგელი (Canis lupus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახიდან (Canidae), მტაცებელთა რიგიდან (Carnivora). არსებობს მ-ის 37 ქვესახეობა დინგოსა (Canis lupus dingo) და შინაური ძაღლის (Canis lupus familiaris) ჩათვლით.

თანამედროვე გენეტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში ბინადრობს ევრაზიული ქვესახეობა – ჩვეულებრივი მ. (Canis lupus lupus), რ-ის სხეულის სიგრძეა 105–106 სმ, სიმაღლე – 65 სმ-მდე (იშვიათად 100 სმ); აქვს 42 კბილი (ზედა ყბაზე 6 საჭრელი, 2 ეშვი, 8 პრემოლარი და 4 მოლარი, ქვედაზე – 2 ეშვი და 6 მოლარი). კავკასიაში მობინადრე ზრდასრული მ-ის მასაა 45 კგ, ჩრდ. პოლარული წრის ჩრდ-ით კი 80 კგ. მ. რუხი შეფერილობისაა, ჩალისფერი ჩანართებით, ზურგზე V-ს მსგავსი ზოლებით; ფერი იცვლება ადგილსამყოფლის მიხედვით: ციმბირული ღია ნაცრისფერია, კანადური კი – შავი, თეთრი და ნაცრისფერი. იკვებება ძუძუმწოვრებით, ხანდახან ფრინველებით, მწერებით, ბალახით, ხილითა და ბაღჩეულით.

მ-ები, როგორც წესი, კოლექტიურად ნადირობენ ჩლიქოსნებზე (ირემი, შველი, გარეული ღორი). ასეთ ნადირობას კი შეთანხმებული მოქმედება და ფუნქციების განაწილება სჭირდება. თითოეული ზრდასრული ინდივიდი კისრულობს იმ ფუნქციას, რ-ის შესრულება სხვაზე უკეთ შეუძლია. მიუხედავად ამისა, საშუალოდ, ხუთი მცდელობიდან ერთია წარმატებული. წარმატების შემთხვევაში ნადავლის ჭამის უპირატესობა დომინანტ წყვილს აქვს. ინდივიდუალურად მ. ნადირობს კურდღელსა და მღრღნელებზე.

მ. სოციალური და მონოგამი სახეობაა. დომინანტი წყვილის – ხვადისა და ძუს – კავშირი სამუდამოა; ქმნიან 6–8 ინდივიდისგან შემდგარ ოჯახს; რამდენიმე ნაცნობი ოჯახის დროებითი გაერთიანება ხროვაა. აღსანიშნავია, რომ გამრავლების უფლება მხოლოდ დომინანტ წყვილს აქვს. იმდენად ძლიერია მათი სოც. წნეხი დაბალი რანგის ინდივიდებზე, რომ ამ უკანასკნელებს უჩერდებათ ფიზიოლოგიური რეპროდუქციული პროცესები.

დომინანტ ძუსა და ხვადს მძუნაობის პერიოდი ეწყებათ თებერვლის ბოლოს ან მარტის შუა რიცხვებში და გრძელდება დაახლ. 1,5 კვირა. მაკეობის ხანგრძლივობა 64–66 დღეა. ემბრიონების რაოდენობა შეიძლება აღწევდეს 15–18-ს, მაგრამ იბადება 4–8 უსუსური, თვალაუხილავი, დახურული ყურის ხვრელების მქონე ლეკვი. ისინი 25 დღე იკვებებიან მხოლოდ დედის რძით, შემდეგ ემატება მ-ების კუჭიდან ამონთხეული, პეპსინითა და კუჭ-ნაწლავის ფლორით სავსე ნახევრად მონელებული ხორცი, 45 დღის შემდეგ კი – კუჭიდან ამონთხეული და ხორცი. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 22–24 თვისა, ცოცხლობს 12 წლამდე.

მ. მკვეთრად გამოხატული ტერიტორიული სახეობაა. ოჯახის ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია საკვები ბაზის სიუხვეზე და შეიძლება მერყეობდეს 80–180 კმ ² ფარგლებში. ზრდასრული ინდივიდები, პირველ რიგში დომინანტები, ტერიტორიის საზღვარს ნიშნავენ შარდითა და ექსკრემენტებით. გარდა ამისა, მეზობელ ოჯახებს ყმუილით ატყობინებენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არიან.

მ-ებში არსებობს შიდა ოჯახური კომუნიკაციის 5 ფორმა: უშუალო სიახლოვისას ტაქტილური (დახურული პირით, სხეულით ან თათით შეხება), ყეფა, წკმუტუნი, ღრენა და მათი ერთმანეთისგან შორს ყოფნის დროს ძლიერი უარყოფითი ემოციური დაძაბულობის გამო, ე. წ. „ერთად ყოფნის“ მინორული ჟღერადობის ყმუილი.

კოგნიტური, ანუ ელემენტარული აზროვნების უნარის შესწავლამ აჩვენა, რომ მ-ს შეუძლია გარემოში არსებული გამღიზიანებლების ურთიერთშეფარდების ცვლილების შედეგის პროგნოზირება (ექსტრაპოლაციის უნარი). გარდა ამისა, შეუძლია ამ შეფარდების მიზანმიმართული ცვლილება თავის სასარგებლოდ, ანუ შეუძლია საკუთარი მოქმედების შედეგის პროგნოზირება.

საქართველოში ირმისა და შვლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად შემცირდა მ-ის რაოდენობაც. ტყეში უფრო მეტია გაველურებული ძაღლი და მისი ჰიბრიდი მ-თან.

ი. ბადრიძე