მგელციხე

მგელციხე

მგელციხე, ციხესიმაგრე ისტორიულ ჯავახეთში, მდ. მტკვრის ხეობაში. ამჟამად საქართველოს  საზღვართან ახლოს თურქეთის რესპ. ტერიტორიაზეა (არტაანის ილის ჩილდირის ილჩე) და ქურდკალე (თურქ. Kurtkale) ეწოდება. „მგელციხე“, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მგლის გაუტეხელობასა და სიმტკიცესთან. საფორტიფიკაციო ნაგებობის გარდა სახელწოდება ვრცელდება ხეობის თავზე მდებარე სოფელზე, ციხესა და IX–X სს. დარბაზულ ეკლესიაზე. XX ს. დასაწყისში მ. დაათვალიერა და აღწერა (რამდენიმე კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა და ეკლესია) ე. თაყაიშვილმა.

მ. სოფ. მგელციხიდან სამხრ.-აღმ-ით, მდ. მტკვრის მარცხნივ ამოზიდულ ბუნებრივ სიმაგრედ ქცეულ, ყველა მხრიდან მიუდგომელ მთაზეა აღმართული და სამი მხრიდან მდინარე შემოუყვება. ციხის გეგმას კლდის რელიეფი განსაზღვრავს. საერთო ფართობია 6000 კმ ². ჰქონდა ნატეხი/ფლეთილი ქვით და კირით ნაგები სქელი კედლები, რ-თა დიდი ნაწილი დანგრეულია. შეიმჩნევა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ასასვლელი ჩრდ.-აღმ. კუთხიდან იყო. აღმ-ის კედელსა და კლდეს შორის ქვედა ციხეა, რ-იც ზედა ციხისაგან მაღალი კედლით არის გამოყოფილი, მასში მოხვედრა მცირე კარით შეიძლება. მ-ის ცენტრ. და კლდის ყველაზე ამაღლებული ნაწილის ციტადელი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგებოდა (გოდოლი, დარბაზული ეკლესია) და შიდა გალავანიც ჰქონდა. ცენტრ. ნაწილში გეგმით მრგვალი კოშკის ნაშთია (სავარაუდოდ ციტადელის მთავარი სიმაგრე). მ-ის დას-ით შემორჩენილია მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი. მთელი ტერიტ. ნანგრევებით არის დაფარული.

მ-ს აღმ-ით, მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე პატარა დარბაზული ეკლესიაა, ხოლო სამხრ-ით, საქართველოს ტერიტ-ზე, მოჩანს მღვიმეები, რ-თა ნაწილი ხელოვნურად გამოყვანილი უნდა იყოს.

მ. არაერთ წყაროშია მოხსენიებული. იგი მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო და აკონტროლებდა სამხრ-იდან საქართველოში მომავალ მაგისტრ. გზებს. XVI ს. 70-იანი წლების ბოლოს მესხეთში მიმდინარე შიდა არეულობის დროს მ. ყვარყვარე IV ათაბაგისა და მისი ძმის, მანუჩარის ძირითადი ადგილსამყოფელი იყო. 1578, ჩილდირის (ჩრდილის) ბრძოლის წინ, ოსმალო სარდალი ლალა ფაშა შემოადგა მ-ს, მეციხოვნეთა 5-დღიანი წინააღმდეგობა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ჩილდირის ბრძოლაში ოსმალების გამარჯვების შემდეგ მესხეთის ტერიტ-ზე შეიქმნა ჩილდირის (ახალციხის) საფაშო. მ. სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალეთის თავდაცვითი სისტემის ნაწილი გახდა. მათი ადმინისტრაციული მოწყობით მ. ჩილდირის ლივაში ქურდკალის ნაჰიეს (რ-ნი) ცენტრი იყო.

სოფ. მგელციხე 1595 ჩატარებული აღწერის დროს უკვე მიტოვებული იყო, თუმცა მალევე აღდგენილა და XVIII ს. დავთრებში იხსენიება „გელციხა“, რ-საც 1703–04 წ. 4000 ახჩა, ხოლო 1718–19 წ. 5500 ახჩა ჰქონდა შეწერილი. 1731 ბრძანებით მას გადასახადის სახით 15 საომარი ქერი უნდა გაეღო. სოფელი აღდგენილი ჩანს XX ს. დასაწყისში.

ლიტ.: ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. 1, თბ., 2020; Такаишвили Е. С., Христианские памятники, „Материалы по археологии Кавказа“, М.,1909, т. 12.