„მგზავრული“, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერა. ასრულებენ მამაკაცები მგზავრობის დროს. „მ“. გამოირჩევა ემოციური მელოდიით, გამოკვეთილი რიტმით, ნათელი ფაქტურით, ომახიანი შესრულებითა და სტროფული ფორმით. პოეტური ტექსტი ნებისმიერია. „მ“. ზოგჯერ მხოლოდ ცალკეული შეძახილებით („არალო“, „არალალო“) სრულდება, უფრო ხშირად კი გზასთან დაკავშირებული ტექსტით, მაგ.: „გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა – წყალთა დენამა“. „მ“. პირველად ჩაწერა ა. ბენაშვილმა კახეთში, კერძოდ ქიზიყში და 1865 გამოაქვეყნა თავის კრებულში „ქართული ხმები“. იხ. აგრეთვე ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები.
გ. ჩხიკვაძე