მდივანბეგი, უფროსი მოსამართლე, მსაჯულთუხუცესი, სასამართლოს თავმჯდომარე. მ-ის სახელი საქართველოში XVII ს-ში დამკვიდრდა. მ. მოსამართლის აღმნიშვნელი სხვა ტერმინების – „მსაჯული“, „მოსამართლე“, „ბჭე“ – პარალელურად იხმარებოდა.
ქართულ სამეფოებში მ-ს მოხელეთა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. იგი წარმოადგენდა მეფის სასამართლოს, სამართალწარმოების დროს ემყარებოდა სამეფო ხელისუფლებას და სამოხელეო შტატს. მ-ს ექვემდებარებოდნენ აღმასრულებელი და საგამოძიებო უფლებების მქონე მოხელეები და წეს-ადათების მცოდნე პირები: მსაჯულები (ბჭეები), იასაულები, ბოქაულები, მდივნები, ხევისთავები, მეთემეები. მ-ის თანამდებობაში, ი. სურგულაძის შეფასებით, ყველაზე მეტად იყო გამოხატული მეფის ხელისუფლების საჯარო-უფლებრივი საწყისი. მ-ის სასამართლოს ემორჩილებოდა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომი, მიუხედავად მათი სოც. რანგისა და სტატუსისა.
მ-ს ხელი მიუწვდებოდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, მის კომპეტენციაში შედიოდა განსაკუთრებული სიმძიმის სასამართლო საქმეები: მკვლელობა, დაჭრა, ღალატი, სალაროსა და ეკლესიის ძარცვა; მ. განიხილავდა აგრეთვე სამოქალაქო საქმეებს – სამამულო დავებსა და საოჯახო გაყრებს. „დასტურლამალში“ ხაზგასმულია, რომ მისი უშუალო მონაწილეობით უნდა გაერჩიათ ელის ტომთა სასისხლო საქმეები. ადგილობრივ მოურავს მათი განხილვის უფლება ეძლეოდა მხოლოდ მ-ის არყოფნის შემთხვევაში.
XVII ს. და XVIII ს. I ნახ-ში ქართლის სამეფოში 4-ზე ნაკლები მ. არ უნდა ყოფილიყო. XVIII ს. II ნახ-ში ქართლ-კახეთის სამეფოში მათი რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა. მ-ები იყვნენ აგრეთვე იმერეთის სამეფოში, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებში.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).
მ. კლდიაშვილი