მდივანი ზაქარია ასლანის ძე (5. IX. 1867, თბილისი, – 18. IV. 1933, პარიზი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1884), კონსტანტინეს სამხ. (1886) სასწავლებლები და გენ. შტაბის აკადემია (1898). მსახურობდა ვარშავის საციხოვნო არტილერიასა და კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, 1899 გადაიყვანეს გენ. შტაბში, 1899–1902 იყო კავკ. სამხ. ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწე, 1902–08 – ბათუმში მიხეილის სიმაგრის, 1908–10 – 39-ე ქვეითი დივიზიის, 1910–12 – სევასტოპოლის სიმაგრის შტაბის უფროსი, 1912–15 – ლაიბგვარდიის მე-13 ერევნის პოლკის მეთაური, 1913 – იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი, 1915–17 – კავკასიის მე-4 საარმიო კორპუსის შტაბის, 1917–18 – 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბისა და კავკასიის სამხ. ოლქის უფროსი; 1918–21 მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ბათუმის სამხ. კომენდანტი და სარდლობდა ბათუმის ოლქში განლაგებულ ჯარებს, მცირე ხნით – ქართული არმიის მთავარსარდალი.
1921-იდან წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
მ. გოგიტიძე