მდივანი (გოგლიძე) მარინე ვიქტორის ასული (დ. 6. X. 1936, თბილისი), პიანისტი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). დაამთავრა თბილ. ცენტრ. სამუსიკო სკოლა (1955, ე. ჩერნიავსკაიას კლასი), მოსკ. სახელმწ. კონსერვატორია (1960; პედაგოგები: ი. მილშტეინი და ე. გილელსი). 1963 შედგა მ-ის დებიუტი კარნეგი-ჰოლის სცენაზე (აშშ). მ. იყო სსრკ-იდან მესამე პიანისტი, რ-საც (ს. რიხტერისა და ე. გილელსის შემდეგ) ამ სცენაზე გამოსვლის პატივი ერგო. 1966-იდან მოსკ. ფილარმონიის სოლისტია. გასტროლებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ახალგაზრდობის საკავშ. ფესტივალზე (1957) მოიპოვა ოქროს, ხოლო მოსკოვში მსოფლიოს ახალგაზრდობის ფესტივალზე (1958) – ვერცხლის მედალი. არის მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახ. პიანისტთა საერთაშ. კონკურსისა (პარიზი, 1961, I პრემია) და პ. ჩაიკოვსკის სახ. მოსკ. (1962, IV პრემია) საერთაშ. კონკურსების ლაურეატი. მისი შესრულება გამოირჩევა დინამიზმით, ტექნიკური სრულყოფითა და არტისტიზმით. 1966 ო. თაქთაქიშვილის თაოსნობით თბილისში შეიქმნა „ქართველ ვარსკვლავთა ტრიო“ მ-ის, ლ. ისაკაძისა და თ. გაბარაშვილის შემადგენლობით, 1970–80 კი დაარსდა დუეტი მისივე მონაწილეობით თ. გაბარაშვილთან ერთად.
1988–90 იყო ალეპოს (სირია) კონსერვ. პედაგოგი; 1991-იდან მონრეალის (კანადა) მაკგილის უნ-ტის მუს. განყ-ბის ასოცირებული პროფესორია. არის მრავალი საერთაშ. კონკურსის ჟიურის წევრი. კომპოზიტორმა ს. გუბაიდულინამ მ-ს მიუძღვნა საფორტეპიანო ნაწარმოები „ჩაკონა“ (1963).
მ-ის მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა კლასიკური მუსიკის ნიმუშებს, მ. შ. არის 40 კონცერტი ი. ს. ბახის, ლ. ვ. ბეთჰოვენის, ს. რახმანინოვის, ს. პროკოფიევის, ო. თაქთაქიშვილის, ი. ბრამსის, ფ. ლისტის, პ. ჩაიკოვსკის და სხვათა ნაწარმოებები. ფართოა მისი კამერული რეპერტუარიც.
რ. ქუთათელაძე
მ. ჯაფარიძე