მდივანი (მდივნიშვილი) მარო დავითის ასული

მ. მდივანი

მდივანი (მდივნიშვილი) მარო დავითის ასული (19. III. 1885, ზესტაფონი, – 1952, თბილისი), მსახიობი. აჭარის არ სახ. არტისტი (1924), საქართვ. დამს. არტისტი (1950). სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში. პირველად სცენაზე გამოვიდა ზესტაფონში ქუთაისის დასის მიერ გამართულ წარმოდგენაში, რის შემდეგაც, ლ. მესხიშვილის წინადადებით, მუშაობა დაიწყო ქუთაისის თეატრში (1899–1900, 1902–03, 1909–12). 1900 მონაწილეობა მიიღო ვ. გუნიას ორგანიზებულ დამწყებ მსახიობთა გამოსაცდელ წარმოდგენაში, რის შედეგადაც ჩაირიცხა თბილ. დასში. იმავე წელს ითამაშა ლიზა (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჭიათურის (1907–08), ბათუმის (1917–33), სანკულტურის (1933–49) თეატრებში. შეასრულა ლუიზას, ქრისტინეს (პ. ირეთელის და ე. ნინოშვილის „ქრისტინე“), რუქაიას (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ფაიხოშის, ქეთევანის (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინეს (ვ. გუნიას „და-ძმა“), დეზდემონას, ოფელიას, კორდელიას (უ. შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“), ამალიას (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ნუცას (ტ. რამიშვილის „სტუმარმასპინძლობა“), ივდითის (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვა როლები. მ-მა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბათუმის თეატრის განვითარებაში, სადაც 16 წელი მუშაობდა.