მდივანი პოლიკარპე (ბუდუ) გურგენის ძე (1877, დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა, – 10. VII. 1937, თბილისი), პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, რევოლუციონერი. სწავლობდა მოსკოვის უნ-ტში, საიდანაც გარიცხეს რევ. საქმიანობის გამო (1899). რსდმპ(ბ) წევრი 1903-იდან. 1905–07 რევ. მოღვაწეობას ეწეოდა ამიერკავკასიაში (ქუთაისი, ბათუმი, თბილისი, ბაქო), რის გამოც არაერთხელ დააპატიმრეს. რამდენიმე წელი გადასახლებული იყო ჩრდ. სპარსეთში, სადაც მსახურობდა მრეწველ ა. ხოშტარიას (ნავთობის უმდიდრესი კონცესიის მფლობელი) იურიდ. მრჩეველად და თანაშემწედ, 1918–19 იყო სამხრ. კასპიურ-კავკ. ფრონტის მე-11 არმიის რევ. სამხ. საბჭოს წევრი, 1919–20 – მე-10 არმიის პოლიტ. განყ-ბის უფროსი, 1920–21 – საქ. კპ თავ-რე და რკპ(ბ) კავკ. ბიუროს წევრი, 1921 თებ.-მაისში – რსფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში, 1921 ივლისიდან 1922 თებ-მდე – საქართვ. რევკომის, აგრეთვე ამიერკავკ. საკავშირო საბჭოს თავ-რე, 1922 მარტი-აპრილში – საქ. სსრ სახ. კომისართა საბჭოს თავ-რე.
მ. საქ. კპ ცკ-ის წევრთა უმრავლესობასთან ერთად ეწინააღმდეგებოდა ამიერკავკ. ფედერაციის შექმნას და მხარს უჭერდა სსრკ-ში საქართვ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად შესვლას, რისთვისაც ამ ჯგუფს „ნაციონალ-უკლონისტები“ უწოდეს. ლენინის გარდაცვალების შემდეგ პარტიაში ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში მ-მა და საქ. კპ. ცკ-ის უმრავლესობამ ტროცკის მხარე დაიჭირა. 1923 მ. მემარცხენე ოპოზიციას შეუერთდა. 1924-იდან დაინიშნა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში. ოპოზიციური მოღვაწეობის გამო 1928 უკან გამოიწვიეს, გაათავისუფლეს ყველა დაკავებული თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და 3 წლით გადაასახლეს ციმბირში. 1931 განაცხადა ოპოზიციური მუშაობის შეწყვეტის შესახებ და მოინანია შეცდომები. 1936-მდე ეკავა საქ. სსრ-ის სახკომსაბჭოს თავ-რის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 ისევ დააპატიმრეს „ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის` მუშაობაში მონაწილეობის ბრალდებით და დახვრიტეს.