მდივანი სიმონ (სვიმონ, სოსიკო) გურგენის ძე (3. IV. 1874, დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა, – 13. XII. 1937, სოშო, საფრანგეთი), პოლიტიკოსი, დიპლომატი, საქართვ. ეროვნ. საბჭოსა და პარლამენტის წევრი, დამფუძნებელი კრების თავ-რის ამხანაგი (მოადგილე). დაწყებითი განათლება ხონში მიიღო, სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ნოვოროსიის უნ-ტში. იყო სტუდენტთა არალეგალური სოციალ. ჯგუფის წევრი. 1905-მდე ცხოვრობდა ოდესაში, მუშაობდა ქალაქის თვითმმართველობაში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შევიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში, იყო მისი მთ. კომიტეტის წევრი. 1906-იდან ცხოვრობდა ბათუმში, ხელმძღვანელობდა „საურთიერთობო ნდობის საზოგადოების" ქართ. ბანკს. არჩეული იყო ბათუმის თვითმმართველობის ხმოსნად (წევრი), ასევე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ბათუმის საოლქო კომიტეტის თავ-რედ. იყო ადგილ. გაზეთების („Черноморские новости", „Черноморское эхо") რედ.-გამომც. ამ უკანასკნელ გამოცემაში დაბეჭდილი სტატიის გამო 1906 დეკემბერში სამი თვით პასუხისგებაში მისცეს. 1910 აპრილში მ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტ. მოტივით დააპატიმრეს, 1913 ივლისში კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და კავკასიიდან გაასახლეს. 1917 სექტ-ში მ-მა პეტროგრადში, საქართვ. ინტერპარტიული საბჭოს ეგიდით, მონაწილეობა მიიღო თათბირში, სადაც რუს. დროებითი საბჭოს – ე. წ. ,,წინაპარლამენტის" წევრად აირჩიეს, 1917 ნოემბერში – ეროვნ. საბჭოს წევრად, 1919 მარტში კი – დამფუძნებელი კრების თავ-რის მოადგილედ და პრეზიდიუმის წევრად. იმავე წელს მ. დაინიშნა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ელჩად სომხეთში, 1920 ნოემბ. კი – თურქეთში (ამ პერიოდში ანკარაში საბჭ. რუსეთის დიპლ. წარმომადგენელი იყო მისი ძმა პ. მდივანი).
საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დამხობის შემდეგ, 1921 მარტში, მ. კონსტანტინოპოლში შეუერთდა ემიგრაციაში მიმავალ ნ. ჟორდანიას მთავრობას, თუმცა მას საფრანგეთში არ გაჰყოლია და დარჩა თურქეთში, როგორც ემიგრირებული მთავრობის პოლიტ. კომისიის წევრი; მ. შედიოდა საქართვ. დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმის, ინტერპარტიული კომიტეტისა და ეროვნ. ცენტრის შემადგენლობაში. 1922 გაზაფხულზე გენუის კონფერენციაზე გაემგზავრა ემიგრაციული მთავრობის დელეგაციასთან ერთად, თუმცა დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. 1926 მ. „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტის" წევრი გახდა და მონაწილეობა მიიღო „კავკასიის კონფედერაციის პაქტის" შედგენაში. 1928-იდან პოლიტ. და საზ. საქმიანობა პარიზში განაგრძო. ჩართული იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის საზღვარგარეთული ორგანიზაციის მუშაობაშიც. 1930 აპრილში ემიგრაციულმა მთავრობამ მ. ვარშავაში გაგზავნა. მ. სათავეში ჩაუდგა ვარშავის ქართულ სათვისტომოს (იგივე ვარშავის ,,ქართულ კომიტეტს") და აქტიურად ჩაერთო „პრომეთეისტულ" მოძრაობაში.
დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 5, თბ., 2004.
ო. ჯანელიძე