ებრალიძე ამირან სევერიანის ძე (8. IV. 1941, თბილისი, - 21. VI. 2020, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1972). 1963 დაამთავრა I სამუს. სასწავლებელი, 1969 – ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. კონსერვატორია (საყვირის განხრით). 1957-იდან მუშაობდა საქართველოს სახელმწ. ფილარმონიაში, მღეროდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივებთან ერთად. 1961–81 იყო ვოკალურსაკრავიერ ანსამბლ "დიელოს " სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი, 1979–82 – საესტრადო ორკესტრ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი. 1983–91 მუშაობდა კულტ.-საგანმან. სექტორში (ხელმძღვანელ თანამდებობებზე), 1993-იდან კვლავ განახლებული ანსამბლის "დიელოს" ხელმძღვანელია. ე. არის არაერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი, რამდენიმე საკავშირო კონკურსის ლაურეატი. გასტროლებით მოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, გადაღებულია კინოფილმებში "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში". დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).