მეაბჯრე

მეაბჯრე (ისტ.), აბჯრისმტვირთველი, საჭურველთმტვირთველი. 1. დიდგვარიანი მხედრის (რაინდის) აბჯრის (საჭურვლის) მზიდავი ახალგაზრდა მეომარი. როგორც საგანგებო თანამდებობა, ეძლეოდათ წარჩინებული პირების შვილებსაც. მაგ., სარგის II ჯაყელი (1306–41) „აღზრდილი იყო აბჯრის მტვირთველად“; 2. აბჯრის მნე (მოხელე, განმგებელი) ძვ. საქართველოში, იგივე ჯაბადარი (ჯაბახანის გამგე). ემორჩილებოდა ამილახორის თანაშემწეს – მეაბჯრეთუხუცესს.

ლიტ.: ჩოლოყაშვილი კ., ქაფიანიძე მ., ქართული საჭურველი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ.1, თბ., 2000; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962.

ი. შაიშმელაშვილი