ლევაშოვ-თუმანიშვილი გიორგი ვადიმის ძე

გ. ლევაშვ-თუმანიშვილი

ლევაშოვ-თუმანიშვილი გიორგი ვადიმის ძე (30. X. 1943, თბილისი, – 5. I. 2023, იქვე), კინორეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, პროდიუსერი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1963), თბილ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტის თეატრ.-დეკორაციული ხელოვნ. განყ-ბა (1970) და შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო, 1979). კინოში მუშაობა დაიწყო როგორც მხატვარმა („რესტავრატორები“, 1968; „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, 1968). საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო მხატვრული ფილმები: „მოლანდება“ (შ. მარტაშვილთან ერთად, 1975), „საფეხურები“ (მ/მ, 1979), „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (1984); დოკუმენტური ფილმები: „პრემიერა“ (1977), „მე, ლუბა ნიჟარაძე“ (1978), „ექსპერიმენტი“ (1979; სახელმწ. პრემია, „ხუთწლედის მატიანე“, 1980), „ბიჭვინთა“ (ჯ. ებრალიძესთან ერთად, 1980), „რექტორი“ (1981), „ალჟირის კონგრესი“ (1984), „33 საუკუნის შემდეგ“ (დ. შალიკაშვილთან და თ. ჩიხლაძესთან ერთად, 1985), „გამჭოლი მოქმედება“ (1985), „მთვარის გლობუსი“ (მ. ანთაძესთან ერთად, 1987; სატელევიზიო ფილმების საკავშ. კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, 1987; მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის ბრინჯაოს მედალი, 1988; სატელევიზიო ფილმების საერთაშ. ფესტივალ „ოქროს საწმისის“ II პრიზი, 1988), „კატასტროფა“ (ვ. კვიჟინაძესთან ერთად, 1987). ინგლისის ტელევიზიის IV არხთან თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ვეძებთ მარჯორისა და ოლივერს“ (1990) და მხატვრული ფილმი „ბედიანი“ (1993).

მ. კერესელიძე