ლაფნიჭამიები, ხოჭოების ჯგუფი ქერქიჭამიასებრთა ოჯახისა. მათი ცილინდრული, შავი ან მურა ფერის სხეულის სიგრძე 1–2 მმ აღწევს, კვერცხის დასადებად მცენარის ქერქში ღრღნიან ხვრელს. მათი შეჭრის ადგილას გამოიყოფა ფისი. ლ. იჭუპრებენ „ჭუპრის აკვანში“, ჭუპრიდან გამოსული ხოჭოები ღრღნიან ქერქს და გარეთ გამოდიან. უმთავრესად წიწვოვანი ჯიშების ღეროსა და ტოტების მავნებლებია, მეტწილად სახლდებიან დასუსტებულ ან ხმობადაწყებულ ხეებზე. მასობრივი გამრავლებისას შეუძლიათ საღი ხეების დაზიანებაც.
საქართველოს ენდემია Phocopthorus vinogradovi, მას სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, ზოგი სახეობა მეტად საშიში მავნებელია. საქართველოში აღსანიშნავია ნაძვის დიდი ლაფნიჭამია (Dendroctonus micans), რ-იც პირველად შეამჩნიეს 1956 ბორჯომის სატყეო მეურნეობაში. მოკლე დროში იგი ფართოდ გავრცელდა კასპის, ამბროლაურისა და ხულოს სატყეო მეურნეობებში. ძირითადად აზიანებს ნაძვს, იშვიათად – ფიჭვს. ასევე გავრცელებულია ფიჭვის დიდი ლაფნიჭამია (Tomicus piniperda ან Blastophagus piniper). ბრძოლის ღონისძიებები: აპრილიდან ოქტომბრამდე ლ-ებით დასახლებული ხეების ღეროს ასხურებენ პრეპარატ პიგმენტ-ლექტინური კომპლექსის („პლკ“) ემულსიას; მათ ასევე ანადგურებს მტაცებელი ხოჭო რიზოფაგუსი.
ე. აბაშიძე