ლამისყანა

ლამისყანა, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტში, მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., თვაურები, ხვითი). ზ. დ. 680 მ, კასპიდან 16 კმ, 1,1 ათ. მცხ. (2014).

სოფლის ზემოთ, მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირზე, ძნელად მისადგომ მაღალ ფერდობზე, ანტიკური ხანის ნამოსახლარზე მდებარეობს ორბელიანთა სასახლის კომპლექსი – არქიტ. და ისტ. ძეგლში შედის ციხე-გალავანი (XVIII ს.), სასახლე (XIX ს.), გალავნის გარეთ მდებარე წმ. გიორგის ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები), სამეურნეო ნაგებობანი და სხვ.

სოფელში არის დ. გურამიშვილის მემორიალი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990.