ლამბერტი (Lamberti) არქანჯელო, XVII ს. იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი, ქ. ნეაპოლის მკვიდრი. 1633–49 კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში, ლევან II დადიანის (1611–57) მმართველობის დროს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1654, გამოაქვეყნა წიგნი, რ-შიც მოცემულია XVII ს. შუა წლების ოდიშის სამთავროსა და, საერთოდ, საქართველოს პოლიტ. და სოც.-ეკონ. ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილ. წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. ლ-ს ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII ს. საქართვ. ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. ლ-ს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი „წმინდა კოლხიდა“, რ-შიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ზოგიერთი ცნობით, ლ. თავისი დროისათვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა.
თხზ.: სამეგრელოს აღწერა, თარგმ. ა. ჭყონიასი, ლ. ასათიანის წინასიტყვ., რედ. და შენიშვნებით, გამოც. მე-2, თბ., 1938.
ი. ანთელავა