ლამარია, შვილების, მიწის მოსავლიანობის, მეწველი საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტ. მარიამ ღვთისმშობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და ღვთისმშობლის ადგილობრივი სახელწოდებით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლ-ს ღვთაებათა პანთეონში ბოლო ადგილი ეჭირა. ლ-ს დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეც. კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რ-საც ლ-ს კულტმსახურების დროს იყენებდა. მაგ., ახალი წლის ციკლის ერთ- ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს, აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ დისკოსებრ ქიმებიან კვერს, რ-იც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერიის თავზე ეკიდა. ლ-ს სახელობისად ითვლებოდა საგაზაფხულო დღეობა ლილაშუნე–თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და გუთნის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეც. მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე და ლ-ს სწირავდნენ.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; სურგულაძე ი., მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2003; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979.
ი. სურგულაძე