ლევიე (Levier) ემილ (1839, ბერნი, – 1911, ფლორენცია), იტალიელი ბოტანიკოსი. 1890 წ. II ნახ-ში ცნობილ ბუნებისმეტყველ სტეფანე სომიესთან ერთად, ადგილობრივი ფლორის შესწავლის მიზნით იმოგზაურა კავკასიაში. ლ-მ მოიარა აჭარა, იმერეთი, აფხაზეთი, სვანეთი; კოდორის ხეობით გადავიდა ჩრდ. კავკასიაში, საიდანაც საქართვ. სამხ. გზით ჩავიდა თბილისში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში. მოგზაურობისას ლ-მ აღმოაჩინა ბოტანიკოსებისთვის მანამდე უცნობი მრავალი მცენარე. მან აგრეთვე შეაგროვა მდიდარი ეთნოგრ. და ანთროპოლოგიური მასალა, მ. შ. ბათუმისა და თბილისის აღწერილობა. თბილისის შესახებ იგი წერს: „მაღლიდან ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია. ასე მგონია, ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულს პარიჟსა-მეთქი ... ევროპული სიცხოველე და მოძრაობა ტფილისს არ აკლია. ქუჩაში ათასნაირი ხალხი ირევა, რომელთა შორის გაარჩევთ რუსის ოფიცრებს, გლეხებს, ქალებს პარიზის უკანასკნელ მოდაზე მორთულთ და სხვა ... ყველაზე უფრო ხშირად ქართველებს ვხვდებით ჩერქეზული ტანისამოსით მორთულებს, წელზე რომ ხანჯალი არ ეკიდოთ, ბერები გეგონებათ“. ლ-ს ჩანაწერები ექსპედიციის დაწყებისთანავე ქვეყნდებოდა შვეიცარიულ ჟურნ. „Biblioteque Universalle“-ში, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ევროპელთა დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და კულტურით. ლ-ს წერილების ნაწილი მალევე გამოიცა ქართულ ენაზე (1894).
ლიტ.: ჭეიშვილი ა., მარგველაშვილი ა., ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში, თბ., 2020.
გ. ჩინჩალაძე